დირექტორი უფლებამოსილია, სკოლაში დაასაქმოს ნებისმიერი პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
სკოლის ხელმძღვანელს უფლება აქვს მასწავლებელი შიდა ან ღია კონკურსით მიიღოს. თუმცა დირექტორს შემცვლელი ან მოწვეული მასწავლებლის უკონკურსოდ დასაქმებაც შეუძლია.
დირექტორს ახალი პედაგოგის მიღებაზე თანამშრომლების თანხმობა არ სჭირდება გარდა ერთი გამონაკლისისა - თუ სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლად ახლო ნათესავის დასაქმებას აპირებს. ასეთ შემთხვევაში საკითხი სამეურვეო საბჭოს წევრებმა უნდა განიხილონ და მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დასაქმდება თუ არა სკოლაში დირექტორის ახლო ნათესავი.
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში“, - განმარტებულია ზოგადი განათლების შესახებ კანონში.