„2023 წელს, სკოლაში, რუსული ენის გარეშე ვისურვებდი სწავლის გაგრძელებას“ - მოსწავლეები არასასურველ საგნებს 2022 წელში ტოვებენ
30-12-2022

ახალი წელი ყველასთვის ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. ადამიანებს გულით სჯერათ, რომ 31 დეკემბერს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდება. ყველა ცდილობს, ცუდი ამბები და უსიამოვნო მოგონებები ძველ წელში დატოვოს და ახალ წელს ახალი მიზნებითა და სიახლეებით შეეგებოს. საინტერესოა, რას გაატანდნენ სკოლის მოსწავლეები 2022 წელს? - აღნიშნული კითხვით, etaloni.ge-მ ბავშვებს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეებს დიდი სურვილი აქვთ სკოლაში რამდენიმე საგნის გარეშე გააგრძელონ სწავლა. მათ ჩამოგვითვალეს საგნები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით დატოვებდნენ გასულ წელში და 2023 წელს, სწავლას, მათ გარეშე განაგრძობდნენ.


რუსული ენა, ქიმია, სამოქალაქო განათლება - ეს იმ საგნების ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც ბავშვები სიყვარულით არ გამოირჩევიან და აღნიშნავენ, რომ დიდი სიამოვნებით გაატანდნენ ძველ წელს.

„ჩემი დიდი სურვილია, რომ რუსული ენა ამოიღონ სასწავლო საგნებიდან. ჩემთვის ეს საგანი ძალიან უინტერესოა. რატომ არ მომწონს რუსული? - ბევრი მიზეზი მაქვს, მათ შორის - ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარებაც... ამიტომ, 2023 წელს, სკოლაში, რუსული ენის გარეშე ვისურვებდი სწავლის გაგრძელებას“, - ამბობს, მე-8 კლასის მოსწავლე - ლუკა ტარიელაძე.

ქიმია რომ ერთ-ერთი რთული საგანია, მოსწავლეები ამაზე თანხმდებიან.  ამ საგანს სკოლადამთავრებულებიც რთულად შესასწავლ მეცნიერებად მოიხსენიებენ. მოზარდები კი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს მას დიდი სიამოვნებით გაატანდნენ.

„ქიმია ჩემთვის ნამდვილად უინტერესო საგანია. მასწავლებელმაც ვერ შეძლო, რომ დაგვაინტერესოს და საგნის არსი საინტერესოდ ახსნას, ამიტომ დიდი სიამოვნებით დავტოვებდი მას ძველ წელში“ - აღნიშნავს, მე-10 კლასის მოსწავლე, დევიკო დეისაძე.

მოსწავლეები, მიუხედავად იმისა, რომ გარვეული საგნების მიმართ სიყვარულით არ გამოირჩევიან, მაინც აანალიზებენ იმას, რომ ზოგადი განათლების მისაღებად თითოეული საგნის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვესაუბრა მე-9 კლასელი - საბა სირაბიძე, რომლისთვისაც სკოლაში ყველა საგანის სწავლა აუცილებელია. თუნდაც, მუსიკა და ხელოვნება, მხოლოდ დაწყებით კლასებში ისწავლება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საგნებია, რადგან ქვეყნების ტრადიციებასა და ისტორიის შესახებ ბევრს გვამცნობს, ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნებია.

„ყველა საგანი მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარებისთვის, თუმცა, სამოქალაქო განათლებას დავტოვებდი 2022 წელში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საჭირო ცოდნას ვიღებთ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ყველა საგანს თავისი დატვირთვა აქვს“- განმარტავს საბა.

საბოლოოდ, მოსწავლეთათვის სწავლის მნიშვნელობის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან მათი მომავალი სწორედ ხარისხიან განათლებაზეა დამოკიდებული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203