განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელების უზრუნველსაყოფად შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შემაჯამებელი სხდომა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, I2Q მსოფლიო ბანკის პროექტის, კერძო ბაღების ასოციაციის, კივიტას გეორგიკას წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები სანიტარია-ჰიგიენის, კვებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
შეხვედრა გახსნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბატონმა კახაბერ ერაძემ. მან ისაუბრა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც იმუშავა ჯგუფმა 2022 წლის განმავლობაში და მადლობა გადაუხადა ჯგუფის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის.
ჯგუფის სხდომაზე ასევე განხილული იქნა ტექნიკურ რეგულაციებთან დაწესებულების შესაბამისობის შეფასების ინსტრუმენტები და ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობის და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის პროექტი.