რა იცვლება ეროვნულ გამოცდებზე პირველი აპრილიდან - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 
20-01-2023
საკონსტუტიცო სასამართლომ განათლებისა მინისტრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ კანონი, რომელიც გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტს ართმევდა უფლებას დამატებითი ტესტირების ჩატარება მოეთხოვა. 

საკონსტუტუციოში სარჩელი არჩილ მორბედაძემ და ამალია ბადალიანმა შეიტანეს. სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგადაც, შესაძლებელი გახდა, ერთჯერადად, 2021 წლის ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას, დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც გამოცდაზე დასწრება ვერ მოახერხეს: ა) COVID-19-ის ინფექციის გამო; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სულ მცირე, ერთი დღე-ღამით ყოფნის შემთხვევაში; გ) ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ან მის მიერ საქართველოს სახელით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო.

მოსარჩელისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობით მხოლოდ იმ აბიტურიენტებმა, რომლებიც მონაწილეობენ 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მისი აზრით, აუცილებელია აბიტურიენტს მიეცეს დამატებით საგამოცდო სესიაზე გასვლის შესაძლებლობა ისეთ შემთხვევაში, როდესაც მან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დასწრება ვერ მოახერხა დაუძლეველი ძალის (მაგ., სტიქიური უბედურებები – მეწყერი, წყალდიდობა...), პანდემიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა  სარჩელი და დაადგინა, რომ აბიტურიენტს უნდა მიეცეს დამატებით ტესტირებაზე გასვლის შესაძლებლობა ისეთ შემთხვევებში, როდესაც მან ძირითად ტესტირებაზე გამოცხადება ვერ მოახერხა:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის,
ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალების,
გ) დაუძლეველი ძალის გამო.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმურად მიიჩნევს დამატებითი ტესტირების ჩატარების შეზღუდვას იმ პირებისთვის, რომლებიც ძირითად საგამოცდო სესიაზე არ გამოცხადდნენ რაიმე სხვა მიზეზით. 

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად ჩაითვლება 2023 წლის პირველი აპრილიდან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203