29 დეკემბერს 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდა. პედაგოგებმა ჟურნალში მოსწავლეთა შეფასებები უნდა შეიტანონ და როდესაც დარწმუნდებიან, რომ ცვლილებები აღარ სურთ, ჟურნალი დაადასტურონ.
როდემდე აქვთ მასწავლებლებს დრო ჟურნალში შეფასებების ჩასაწერად? - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართა. როგორც აღმოჩნდა, მასწავლებლებს ჟურნალში ცვლილებების შესატანად 11 დღე დარჩათ.
„9 იანვრამდე მასწავლებლებმა ელექტრონულ ჟურნალში შეფასებები უნდა შეიტანონ და დაადასტურონ“, - განაცხადეს „ემისში“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალში ცვლილებების შეტანა 8 დღის განმავლობაში შეგიძლიათ. თუ გაკვეთილის შემდეგ გასულია 8 დღეზე მეტი და ძველი შეფასების ჩაწერა ან კორექტირება გსურთ, „მოთხოვნის“ ღილაკის საშუალებით დირექციას უნდა მიმართოთ.