2022 წელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების წელი გახლდათ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების მესამე ნაკადი გასული წლის სექტემბერში მიიღო. KIU-მ მყარად დაიმკვიდრა თავი უმაღლესი განათლების სექტორში და ძალიან მოკლე დროში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ მზარდ და პერსპექტიულ საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბდა. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგებში პირველ ადგილზეა. ქვეყნის საუკეთესო მოსწავლეები სწორედ KIU-ს ინგლისურენოვან პროგრამებს ირჩევენ.
საინტერესო და მრავალფეროვანია უნივერსიტეტის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე. KIU მჭიდროდ და ეფექტიანად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM International) მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პარტნიორი.
როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი აკადემიური პროგრამები სწორედ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. არსებული მიდგომა ნარჩუნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად იქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, მენეჯმენტში, ბირთვულ ფიზიკასა და ფიზიკაში, რომელიც აახენის უნივერსიტეტთან, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის, იულიხის მეცნიერებათა და GSI მძიმე იონების კვლევის ჰელმჰოლცის ცენტრებთან თანამშრომლობით ხორციელდება. მნიშვნელოვანია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობა სან დიეგოს სახელმწიფო და ლუვენის უნივერსიტეტებთან კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიზნით. ასევე აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად ითანამშრომლებს ბერნის, ციურიხის, მილანის პოლიტექნიკურ, რომის საპიენცასა და სან მარინოს უნივერსიტეტთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით.
უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეს დაემატა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“. მულტიდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ახალ საფეხურზე გადაიყვანს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს. უნივერსიტეტში სწავლა ახალგაზრდებისათვის იქნება უნიკალური გამოცდილება, რაც მათ დაეხმარება პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
უნივერსიტეტში აქტიურად ვითარდება საგანმანათლებლო-კვლევითი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაც. კომპანია კარლ-ცაისთან (Carl Zeiss) ხელშეკრულების ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო თანამედროვე სასწავლო ციფრული მიკროსკოპიის ლაბორატორია, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მულტიდისციპლინურ პროექტებზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება შეიძინონ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე სებასტიან შმიდტმა.
ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით შენდება. კომპანიამ ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო – ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, დიდ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან – მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის ბოლოს, ბრიუსელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან გამართა შეხვედრა და დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ. მან დიდი ინტერესი გამოხატა ამ უნიკალური პროექტის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
გარდა ამისა, 2022 წლის სექტემბერში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მიხეილ ჩხენკელი შეხვდა ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვან პროფესორებს – თომას ბორტფელდსა და ბენჯამინ კლასის და მათთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების ჩართულობის საკითხები განიხილა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი პროფესორები ცენტრის სამეცნიერო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.
მიმდინარე წელს ბრიუსელში გამართული რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიური კონფერენციის (User Meeting 2022) ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელისა და ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელობის შეხვედრების შემდეგ ამერიკისა და ევროპის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ცნობილმა მეცნიერებმა ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩართვისა და პარტნიორობის სურვილი გამოთქვეს. კერძოდ, ადრონული თერაპიის ცენტრთან ითანამშრომლებენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის, მაიამის კიბოს კვლევის ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგიის, MGH-ის პროტონული თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის რადიაციული კვლევებისა და ონკოლოგიის ცენტრისა და ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წამყვან ინდუსტრიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით 2022 წლის განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, უმასპინძლა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და საჯარო ლექციებს. KIU-ში განხორციელებულ ღონისძიებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტის, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანის ვიზიტი; უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი და ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის კონფერენცია, ინოვაციების ბიზნეს ფორუმი (KIU Innovate Business Forum); ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა; ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა; ინგლისური ენის უფასო მოსამზადებელი კურსი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის (ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით); „ინოვაციური პროექტები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის“ - სტუდენტური ბიზნეს პროექტების გამოფენა; NASA-ს ჰაკათონი; კონფერენცია - „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“; CERN-ის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მასტერკლასი; USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტი - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“; კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება; სტუდენტური კონფერენციები მენეჯმენტის სკოლაში; KIU ვიზუალური მათემატიკის ფესტივალი და ა.შ..
KIU უკვე განიხილება, როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული და მომავლის საგანმანათლებლო სივრცე. ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკეთესო ალტერნატივაა საქართველოში მიიღონ მაღალკვალიფიციური, ევროპული განათლება მსოფლიოს წამყვანი პროფესორების ჩართულობით. მოთხოვნა და ინტერესი უნივერსიტეტის მიმართ მზარდია, შესაბამისად, KIU-ს გუნდი ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისთვის.
სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, KIU-ში ხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის მეტი წილი საერთაშორისო აქტივობებზე მოდის. გასულ წელს სტუდენტები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში. KIU-ში ფუნქციონირებს ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს KIU-ს რეგიონის წამყვან სამეწარმეო უნივერსიტეტად ჩამოყალიბებას, ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობის დამყარებასა და სტუდენტების კონკურენტუნარიან პროფესიონალებად მომზადებას. KIU-მ TUM-თან პარტნიორობით ჩამოაყალიბა უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად მუშაობს KIU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაზე. საბჭოს წევრები არიან უცხოეთის და საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მენეჯმენტის გუნდის წევრები. KIU-მ TUM International-თან ერთად ჩაატარა საჯარო-კერძო პარტნიორების სემინარების ციკლი. შედეგად, რამდენიმე პროექტის კონცეფცია შემუშავდა, რაც საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.
უნივერსიტეტის გეგმები მასშტაბურია. KIU მუდმივად აუმჯობესებს და ავითარებს სწავლებისა და მომსახურების სერვისს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ქმნის ახალ პროგრამებს და ინარჩუნებს რეგიონის წამყვანი საგანმანათლებლო სივრცის სტატუსს. უნივერსიტეტი აძლიერებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო წრეებთან და კომპანიებთან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი სრულად ფინანსდება საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. პროექტის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 1 მილიარდ ევროს.