წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო ლიტერატურა მნიშვნელოვნად შემცირდა - რის ცოდნას ითხოვდნენ შარშან და რას ითხოვენ ახლა პედაგოგებისგან?
19-01-2023

წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის საგამოცდოდ მოსამზადებელი ლიტერატურა, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამას ადასტურებს მასწავლებლის სახლის მიერ გამოქვეყნებული სარეკომენდაციო ლიტერატურის ჩამონათვალი.

უფრო კონკრეტულად კი, 2023 წელს გამოცდაზე გასულმა პედაგოგმა საკანონმდებლო აქტებიდან უნდა იცოდეს:

  1. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ ;
  2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
  3. ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  4. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა;
  5. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი;
  6. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  7. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.

2022 წელს კი, მაშინ, როდესაც სტატუსის ამაღლების მსურველთა გამოცდა პირველად ჩატარდა, ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად პედაგოგებს მოეთხოვებოდათ ისეთი კანონების ცოდნაც, როგორიცაა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს „შრომის კოდექსი“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება #126/ნ „ საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტო ბრძანება №174/ნ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“;
  • მოსწავლის ქცევის კოდექსი;
  • დირექტორის ეთიკის კოდექსი.

შემცირებულია პროფესიული ლიტერატურის ჩამონათვალიც. ამჯერად პედაგოგებს 20-ის ნაცვლად 10 სახელმძღვანელოს დამუშავება მოუწევთ. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გასული წლის საგამოცდო ლიტერატურიდან ამოღებულია „ინკლუზიური ადრეული განათლების“ სახელმძღვანელო, გარდა ამისა, სარეკომენდაციო ჩამონათვალში აღარაა „თვისობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ კვლევაში“, „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები“, „განათლების ფსიქოლოგია“, „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, „სწავლება და შეფასება“, „აკადემიური სტილი“, „პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერებისთვის“, „პროექტის ციკლის მართვის“ 5 სახელმძღვანელო, „კიბერცნობიერების ლექსიკონი“ და „ციფრული მედეგობა“.

2023 წლის სარეკომენდაციო ლიტერატურის ჩამონათვალი შემდეგია:

  1. სასწავლო აქტივობები ყველასთვის;
  2. სამოქმედო კვლევა – ჯეფრი მილსი;
  3. როგორ შევადგინოთ საგანმანათლებლო პროექტი - გზამკვლევი მასწავლებლებს;
  4. პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო;
  5. აკადემიური წერა (216-258 გვ.)
  6. განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის;
  7. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები;
  8. მოქალაქეობრივი განათლება;
  9. ციფრული მოქალაქეობა;
  10. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება.

საგამოცდოდ მოსამზადებელი ლიტერატურის PDF ფაილები იხილეთ ბმულზე. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა  საგამოცდო დროც. თუ შარშან აპლიკანტებს მინიმალური ბარიერის გადასალახად 4 საათი ჰქონდათ, 2023 წელს ეს დრო ერთი საათით გახანგრძლივდა.


იხილეთ ასევე: პედაგოგების საგამოცდო დრო გაიზარდა - პროფესიული უნარების ტესტირება 5 საათს გაგრძელდება

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203