შეიცვალა თუ არა მასწავლებელთა სადაზღვევო პაკეტი - რომელი კვლევები უფინანსდებათ პედაგოგებს სრულად?
17-01-2023

პედაგოგები საყოველთაო ჯანდაცვის მიზნობრივ ჯგუფში შედიან და მათ, პარალელურად, კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლებაც აქვთ. მიუხედავად ამისა, მასწავლებლები სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ, რომ ზოგიერთი კლინიკა მათ საჭირო კვლევებს სრულად არ უფინანსებს, ზოგი კი აღნიშნავს, რომ ექიმთან ვიზიტები და ამბულატორიული მომსახურება საერთოდ არ უფინანსდებათ და ნებისმიერ გამოკვლევაში თანხას იხდიან.

მთავრობის დადგენილებით, მასწავლებლები იმ პირთა სიაში არიან, ვისაც საყოველთაო ჯანდაცვა ეკუთვნით და ისინი, სხვა ბენეფიციარებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ. შეიცვალა თუ არა რაიმე მასწავლებელთა სადაზღვევო პაკეტში, ამის გადასამოწმებლად etaloni.ge-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთადერთი რაც მასწავლებლებისთვის შეიცვალა ისაა, რომ ისინი დეკრეტული შვებულების პერიოდში, საჯარო მოხელეების მსგავსად, ხელფასის 100%-ს მიიღებენ. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, უწყების ვებგვერდზე დეტალურადაა განხილული, თუ რა მომსახურებებს აფინანსებს სახელმწიფო.

მასწავლებლებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისთვის, პირველ რიგში,  უნდა მიმართონ ამბულატორიას ან პოლიკლინიკას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს:

  • ოჯახის ან სოფლის ექიმისა და ექთნის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებას ბინაზე;
  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფას (აცრა-ვიზიტი);
  • ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასებას;
  • პრევენციულ ღონისძიებებს;
  • დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მართვას;
  • ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
  • ინკურაბელურ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევებს, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტების გაცემას (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა).
  • ექიმის დანიშნულებით,ინსტრუმენტულ გამოკვლევებს - ელექტროკარდიოგრაფია;
ექიმის დანიშნულებით,შემდეგ ამბულატორიულ კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • შარდის საერთო ანალიზი;
  • გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • კრეატინინი;
  • ჰემოგლობინი;
  • ქოლესტერინი სისხლში;
  • შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
  • პროთრომბინის დრო (INR).
  • ოჯახის ან სოფლის ექიმის მიმართვით:

ექიმ-სპეციალისტთა მომსახურებას - ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის,  გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;

ამბულატორიულ დონეზე, ექიმის დანიშნულებით, ინსტრუმენტული გამოკვლევებს:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად);
  • შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ტრანსაბდომინურად);
  • გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
  • ძვლების რენტგენოგრაფია;
კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს - ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი - TSH.

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება განსაზღვრული ნუსხის მიხედვით ფინანსდება 100%-ით;

გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება ულიმიტოა და ფინანსდება:

  • ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა ღირებულების 100%-ით;
  • 450-ზე მეტი გადაუდებელი მდგომარეობა განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად - ღირებულების 100%-ით;
  • ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ამ კატეგორიის მოსარგებლეთათვის გეგმური ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება 100%-ით, პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის გათვალისწინებით.  

წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი.

  • კარდიოქირურგია - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით;
  • ონკოქირურგია - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით.

ინფექციური დაავადებების მართვა ფინანსდება:

  • ინფექციური დაავადებები ნუსხის მიხედვით - 100%-ით;
  • კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია - 100 %-ით.

სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას:

  • ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას;
  • სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობას;
  • სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ზემოაღნიშნულ პროცედურებს შორის საჭირო კვლევებს.

   წლიური ლიმიტი - 25 000 ლარი.

მშობიარობა და საკეისრო კვეთა:

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს შემდეგი ლიმიტების გათვალისწინებით:

  • ფიზიოლოგიური მშობიარობა – 500 ლარი;
  • საკეისრო კვეთა – 800 ლარი.
  • მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება - პროგრამის ღირებულების 100%-ით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203