რა შეზღუდვები აქვთ მასწავლებლებს სავალდებულო ტრენინგის არჩევისას
10-01-2023

მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები თებერვლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლები პედაგოგებს სასურველ ტრენინგებზე არეგისტრირებენ. უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა 20 საკონტაქტო საათის შესაბამისი ტრენინგი უნდა გაიაროს, წამყვანმა - 12, მენტორმა კი - 6 საკონტაქტო საათი.

რა შეზღუდვები აქვთ მასწავლებლებს ტრენინგის არჩევისას?

მასწავლებლებმა მოდულების ვრცელი ჩამონათვალიდან უნდა აირჩიონ საგნობრივი ან გამჭოლი მიმართულების ტრენინგი. გამჭოლი მიმართულების ტრენინგმოდულის არჩევის შესაძლებლობა აქვს ყველა საგნის და საფეხურის მასწავლებელს. მაგალითად, ასეთი მოდულებია: „ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“, „კიბერბულინგის პრევენცია  სასკოლო საზოგადოების ჩართულობით“, „ენობრივი ბარიერის გადალახვა ვირტუალურ სასწავლო გარემოში“, „სკოლებში ბულინგის პრევენცია და  ტოლერანტული  კულტურის განვითარების ხელშეწყობა“...

საგნობრივი ტრენინგის გავლის მსურველი მასწავლებელი კი აუცილებელია ასწავლიდეს მოდულით გათვალისწინებულ საგანს შესაბამის საფეხურზე და ამავე დროს, არ უნდა ჰქონდეს გავლილი იგივე მოდული ცენტრის ეგიდით. 

ვის შეუძლია ერთზე მეტი ტრენინგმოდულის გავლა?

მასწავლებლებს ერთზე მეტი მოდულის არჩევის უფლება აქვთ. მთავარია, პედაგოგებმა ტრენინგები სტატუსის შესაბამისად გაიარონ, მაგალითად: რადგან წამყვანი მასწავლებლისთვის სავალდებულოა 12 საკონტაქტო საათი, მას უფლება აქვს აირჩიოს ერთი 12-საათიანი ან ორი 6-საათიანი ტრენინგი.

გაუქმდება თუ არა ტრენინგზე რეგისტრაცია თუ მოდულს არასწორად შეარჩევთ?

როგორც სკოლებში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, არასწორი რეგისტრაციის შემთხვევაში, ცენტრი იტოვებს უფლებას, მასწავლებელს მოდული თვითონ შესთავაზოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203