„გაზარდეთ მასწავლებლების საბაზო ხელფასი და სადამრიგებლო ანაზღაურება“ - პროფკავშირის მიმართვა მინისტრს
06-01-2023

2023 წლის იანვრიდან სტატუსიანი მასწავლებლების დანამატი იზრდება, თუმცა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, სამინისტროს მიმართავს თხოვნით გაითვალისწინოს უსტატუსო მასწავლებლების ინტერესებიც და გაზარდონ როგორც საბაზო ხელფასი, ისე სადამრიგებლო ანაზღაურება; აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნები მაია კობახიძემ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში, ყრილობაზე წამოაყენა:

„გვაქვს გარკვეული მოთხოვნები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე, რომლებიც დღემდე არ გადაწყვეტილა. პირველ რიგში, ვითხოვთ განათლების სამინისტროს მხარდაჭერას და აქედან გამომდინარე ხელისუფლების, მასწავლებლის საბაზო ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა 2014 წელს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2015-2016 აკადემიურ წელს ორ ეტაპად განხორციელდა საბაზო ხელფასის ზრდა.

მივესალმებით, სტატუსის დანამატების ყოველწლიურ ზრდას, მათ შორის მომავალი წლიდან, მაგრამ კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს მხოლოდ სტატუსის დანამატების ზრდით, პედაგოგის ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით.

რა დააშავეს უსტატუსო, პრაქტიკოსმა არაქართულენოვანმა, პრაქტიკოსმა სპეცმასწავლებლებმა ან მოწვეულმა მასწავლებლებმა, ვისაც სტატუსის დანამატი არ აქვს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით მათ მიეცემათ მხოლოდ საბაზო ხელფასი. კურიოზულია, თანამდებობრივი სარგოდან გამოთვლილი 1 გაკვეთილის ანაზღაურების რაოდენობა. ასეთი ანაზღაურება როგორ მოქმედებს პროფესიის პრესტიჟზე, შეფასება თქვენთვის მომინდია. როგორ გავაძლიეროთ აღმზრდელობითი მუშაობა სკოლებში, როგორ ავუმაღლოთ პასუხისმგებლობა და მოტივაცია დამრიგებლებს, მაშინ როდესაც დამრიგებლის დანამატი გამოითვლება საბაზო ხელფასიდან.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით განათლების სამინისტროს, ღრმად გავაანალიზოთ შექმნილი მდგომარეობა. გთავაზობთ წინადადებას სტატუსის დანამატების ზრდის პარალელურად განხორციელდეს საბაზო ხელფასის ზრდა“.

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა:

„ეს მიმართვა არის 2022 წლის 22 ოქტომბერს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობაზე. მას შემდეგ ამ საკითხების განხილვა ორჯერ მოეწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან, მინისტრის პირველი მოადგილის თამარ მახარაშვილის ორგანიზებულ შეხვედრაზე. პრობლემების შესწავლა, არგუმენტირებული წინადადებების მომზადება, ინიციატივის წარდგენა როგორ უნდა შეიცვალოს და სად შევიდეს ცვლილება, კანონში თუ კანონქვემდებარე აქტში, შემდეგ განხილვები, რაც ბრძოლაა… ამ ეტაპებს გავდივართ ჩვენ“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203