ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის და ზეციდან მადლი გვათოვს სიცოცხლის, თუ ჩვილ უფალს ღვთისმშობელი კეთილ თვალებ გიკოცნის?!. ო, უფალო, კაცის ცოდვილ სულის შველად მოსულო, -ქრისტე იშვა! -ქრისტე იშვა! საქართველო ლოცულობს!
|
შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერთს შევთხოვ პატარა, გულწრფელი ლოცვით: -ღმერთო, გევედრები პატარა თამრიკო, ცრემლი და წუხილი ქვეყნად რომ არ იყოს! მალე გამიხარე ყოველი ქართველი! ღმერთო! ამიყვავე სამშობლოს მთა-ველი! ხარ ყოვლადკეთილი! ხარ ყოვლადძლიერი! ქრისტეო! საქართველო მიქმენ ბედნიერი!
|
ოცდახუთსა დეკემბერსა
(ნესტან კუპრავა)
„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებსაო!
ანგელოზები გალობენ: -უფალს ჩვენსას დიდებაო! ცის კარები გამოაღო, ჩვენთან მოსვლა ინებაო!
ვარსკვლავები ელვარებენ: -კურთხეული ჟამიაო, ცის საყვირი აგუგუნდა: -სასწაულთა წამიაო!
მთვარემ მუხლი მოიყარა, -ზეციური ჩვილიაო! ცამ ძილი არ გაიკარა: -უფლის ნახვა ტკბილიაო!
ღამე გაოცებულია: -მე ვარ ასე ნათელიო? ქარი ამბობს:- მიაგებეთ უფალს თაფლის სანთელიო!
ქრისტეშობა კი გვიღიმის: - უფლისა მაქვს სახელიო! რას მიქვია მწუხარება! რას მიქვია ნაღველიო!
კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი! სუფევა და დიდებაო! ქრისტეშობის ოცდახუთსა ჩვენთან მოსვლა ინებაო! |
ალილო (ტრადიციული ინგლისური ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)
შობა გათენებულაო! მოვიმღერით ალილოს! სულ წაგეღოს ყველა დარდი, ძველო წელო, ჩავლილო!
დაგებედოთ სიყვარული გზა კეთილი სავალი! ღმერთმა მოგცეთ სიხარული, ქრისტეშობა მრავალი !
განა ვართ მაწანწალები, კარდაკარ რომ დადიან? თქვენი უბნის ბავშვები ვართ, მეგობრები, ცხადია.
შინ ბუხართან როცა თბებით გემრიელად სადილობთ, გამოგვხედეთ, სიცივეში გავიძახით ალილოს! ალათასა ბალათასა! ხელი ჩავყავ კალათას, გაგვიშალეთ კარგი სუფრა, ღმერთი მოგცემთ ბარაქას!
ღვთის წყალობა არ მოგაკლოთ სახლის პატრონს, პატარებს, უხვი თუ ხარ, ზეციერი ბედნიერად გატარებს
|