„გონებრივი იერიშის“ დადებითი და უარყოფითი მხარეები - რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ამ მეთოდის გამოყენებისას?
11-01-2023

„გონებრივი იერიში“ შემოქმედებითი უნარების გასავითარებელი ერთ-ერთი სტრატეგიაა.

მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის ახსნისას. ამ დროს მასწავლებელს შეუძლია გაიგოს, რა იციან მოსწავლეებმა განსახილველი თემის ირგვლივ და რა დამოკიდებულება აქვთ საკითხის მიმართ. მიღებული ინფორმაცია პედაგოგს დაეხმარება გაკვეთილის სწორად აგებაში და უზრუნველყოფს მოსწავლეთა  მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესის დასაწყისიდანვე.

„გონებრივი იერიშის“ დროს მოსწავლეებმა დასმულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები უნდა გამოხატონ, რა იციან, რა გაუგიათ ან წაუკითხავთ აღნიშნულ თემაზე და ა.შ. მეთოდის მსვლელობისას მასწავლებელმა არ უნდა გააკრიტიკოს არცერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებულია და რაც უფრო მეტი იდეა წამოვა მოსწავლეებისგან, მით უკეთესი იქნება. გარდა ამისა, პედაგოგის მოვალეობაა, ბავშვებს დაეხმაროს სათქმელის ლაკონურად გადმოცემაში.

მეთოდის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სამუშაო ატმოსფერო, სადაც ყველა იდეა, რომელიც მოსწავლეებისგან წამოიჭრება, იქნება მიღებული. ასეთ გარემოში იდეების ნაკადი უფრო სწრაფად და მარტივად გაჩნდება და მონაწილეებს აზრის გამოხატვა არ მოერიდებათ. „გონებრივი იერიშის“ ამ ეტაპზე მონაწილეების ჩართულობა იზრდება, მათ უვითარდებათ ასოციაციური და კრეატიული აზროვნება.

შემდგომ ეტაპზე ჯგუფი იწყებს თითოეული იდეის განხილვას. მეთოდის ამ ეტაპებზე მონაწილეებს უვითარდებათ ისეთი მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიც არის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

მეთოდი რომ შედეგიანად წარიმართოს, მასწავლებელი უნდა იყოს ნეიტრალური, არ უნდა გამოხატავდეს არცერთი იდეისადმი თავის დამოკიდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მოსწავლეები პედაგოგის მოსაზრების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და დაეთანხმონ ნათქვამს, მათი ორიგინალური და ინდივიდუალური მოსაზრებები კი ვეღარ გამოვლინდება.

„გონებრივი იერიშის“ დადებითი მხარეები ისაა, რომ:

  • ხელს უწყობს ინოვაციური იდეების წარმოქმნას;
  • ასევე შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • მონაწილეებს საკითხს სხვადასხვა კუთხიდან ანახებს;
  • მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა;
  • ყველა მონაწილეს თანაბარუფლებიანია;
  • სწორედ თანაბარუფლებიანობის გააზრება მოსწავლეებს უვითარებს სხვათა აზრების პატივისცემას;
  • მოსწავლეებს ასევე უვითარდებათ კომუნიკაციური უნარები (საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და სხვათა აზრების მოსმენა/გააზრება);
  • მეთოდი არ მოითხოვს მრავალფეროვან რესურსებსა და ხარჯებს;

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მეთოდის მიმდინარეობისას მასწავლებელმა პროცესი ფრთხილად და ყურადღებით უნდა მართოს, რადგან:

  • შესაძლოა მონაწილეებმა თემიდან გადაუხვიონ და პროცესი უშედეგოდ დასრულდეს;
  • მეთოდის ეფექტიანობა დამოკიდებულია მონაწილეთა ჩართულობაზე;
  • მის სრულყოფილად განხორციელებას დრო სჭირდება და გაკვეთილის განმავლობაში საჭიროა დროის სწორად გადანაწილება.
  • რთულია ყველა მოსაზრების ავტორის დამახსოვრება, ვის რომელი იდეა ეკუთვნოდა;
  • მნიშვნელოვანია პროცესის დროს ყურადღება, რათა რომელიმე მოსწავლის იდეა/მოსაზრება არ გამოგვრჩეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203