,,კალიგრაფიის კვირეული'' - ბარეთის საჯარო სკოლამ ლამაზად წერას პოპულარიზაცია გაუწია
19-04-2018
,,კალიგრაფიის კვირეული'' - ამ სახელწოდების ღონისძიება ჩატარდა ბარეთის საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით.
პროექტის მიზანი მოსწავლეთა მიერ ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ქართული კალიგრაფიით დაინტერესება და ლამაზი წერის პოპულარიზაცია იყო.
კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში I-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საშუალება მიეცათ ხელით წერის კულტურაში თავიანთი უნარი არაკონკურენტულ პირობებში წარმოეჩინათ. ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული კალიგრაფიის თემაზე მცირე ლექცია მოესმინათ.
მოსწავლეებთან, ვიდეორგოლების საშუალებით, ხელით შესრულებული ნამუშევრების, როგორც ხელოვნების ნიმუშების, ჩვენება მოეწყო. აღნიშნულმა ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა წერის საათის იდეაც, რომელსაც „ვწერთ წრიულ ხაზებზე ლამაზად“ ეწოდა.
კვირეულის დასკვნით დღეს, IV კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთ ,,აისის’’ მორიგი ნომერი გააკეთეს, რომელიც დედაენის დღეს მიუძღვნეს. შემდეგ, სკოლაში, საჯარო ადგილას, ბავშვების მიერ შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინა. დანარჩენი მონაწილეების ნამუშევრები თავიანთ საკლასო ოთახებში, საპატიო კალიგრაფიის კუთხეში განთავსდა.
მოსწავლეებთან ერთად, კალიგრაფიის კვირეულში ჩართული იყვნენ პროექტ „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ - მასწავლებლებიც: მაკა გორდულაძე, ნინო გორგაძე და მარიამ ელოშვილი. მათ ქართული კალიგრაფიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ერთგვარი მასტერკლასი ჩაუტარეს.
პროექტის ავტორები და მონაწილენი ბარეთის საჯარო სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული დახმარებისა და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები