მასწავლებლებისთვის თებერვალში ტრენინგები დაიწყება. პედაგოგები სასურველ მოდულებზე უკვე დარეგისტრირდნენ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებისგან დაკავშირებას ელოდებიან.
მას შემდეგ, რაც ტრენინგებზე რეგისტრაცია გამოცხადდა, etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა განუცხადა, რომ მათ გასულ წელს განვლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატები ამ დრომდე არ მიუღიათ. მიზეზის გარკვევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე ვცადეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ ცენტრმა სკოლებს სერტიფიკატები უკვე გაუგზავნა, პედაგოგებმა კი სერტიფიკატის მისაღებად დირექციას უნდა მიმართონ.
„გავლილი ტრენინგების სერტიფიკატებისთვის სკოლებს მიმართეთ. იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ტრენერმა დადებითად შეაფასა, სერტიფიკატები სკოლებს უკვე გაეგზავნა, პედაგოგების მიერ ტრენინგის წარმატებით გავლა ასახულია ცენტრის ბაზაშიც“, - განგვიცხადეს ცხელ ხაზზე.
თუ პედაგოგს ტრენინგმოდულის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მიუღია, პირველ რიგში, სკოლის საინფორმაციო მენეჯერს უნდა მიმართოს, იმ შემთხვევაში თუ სერტიფიკატი სკოლაში არ მისულა, უნდა დაუკავშირდეს მასწავლებლის სახლს, რათა გაარკვიოს, დადებითად შეფასდა თუ არა მისი ჩართულობა და დაიმსახურა თუ არა მან ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატი.
როგორც ცნობილია, ტრენინგი გავლილად არ ჩაეთვლებოდათ იმ მასწავლებლებს, როლებიც სავალდებულო საათების 30%-ზე მეტს არ დაესწრებოდნენ. გარდა ამისა, ტრენერები მასწავლებლებს აფრთხილებდნენ, რომ ისინი დადებითად ვერ შეფასდებოდნენ, თუ ტრენინგის განმავლობაში არ იაქტიურებდნენ და დავალებებს არ შეასრულებდნენ.
იხილეთ ასევე: ჩაეთვლება თუ არა გავლილად ტრენინგი მასწავლებელს, რომელიც სავალდებულო საათებს სრულად არ დაესწრება?