„ნაეკმა“ რეგისტრაცია გამოაცხადა და ტესტის ნიმუშები გამოაქვეყნა - ვინ ჩააბარებს მარტში ტესტირებას
2023 წლის მარტში აპლიკანტებს შეეძლებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი გამოცდების ფურცლის ვარიანტი (paper-based) - KET, PET, FCE და CAE. მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დღეიდან, 16 იანვრიდან დაიწყო და 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მას, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაციის შესაძლებლობა 24 იანვრიდან 27 იანვრის 18:00 საათამდე ექნება. გვიანი რეგისტრაციის საფასურს 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).
2023 წლის მარტის გამოცდებზე დარეგისტრირებას აპლიკანტები უკვე ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით შეძლებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებული
რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ:
- გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს
„იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომლებზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
FCE- 4 მარტი
KET- 11 მარტი
PET- 11 მარტი
CAE- 11 მარტი
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავსი გამოცდებისაგან განსხვავებით, მისი სერტიფიკატი უვადოა. ამ გამოცდებს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.