ლაჯანის საჯარო სკოლაში დედა ენას ღონისძიება მიუძღვნეს
19-04-2018
ლაჯანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენაზე დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს, დედა ენის შექმნასა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრეს და იმღერეს.
მოზარდებმა ასევე საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას მშობლებთან ერთად გამგეობის და რესურსცენტრის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.