19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს, საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით კი დღესასწაულის დადგომამდე აუცილებელია ნაძვის ხეც და საახალწლო მორთულობაც უკვე ალაგებული და შენახული იყოს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მორთულ ნაძვის ხეს 19 იანვრის შემდეგაც გავაჩერებთ? როგორც ირკვევა - არაფერი. ეს არის საზოგადოებაში გავრცელებული და საკმაოდ დამკვიდრებული ხალხური ტრადიცია.
ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან, რაც სახლის გენერალურ დალაგებასაც ითვალისწინებს და სწორედ ამიტომ იღებდნენ ნაძვის ხესაც.
რაც შეეხება ნაძვის ხის აღების დროს ფენ-შუის მიხედვით - ეს სისტემა გვირჩევს, ახალ წელს ჩინური კალენდრით შევხვდეთ. შესაბამისად, სახლში ნაძვის ხე თებერვლამდე უნდა იდგეს.