სკოლამდელი განათლების მიმართულებით რეფორმა უკვე დაანონსებულია; ამჟამად მიმდინარეობს ელექტრონულ სისტემაში ბაღების რეგისტრაცია და ამოქმედდება აღმზრდელ-პედაგოგების სქემა, რომლის საშუალებითაც მათ მიენიჭებათ სტატუსები, შესაბამისი სახელფასო განაკვეთით.
etaloni.ge-მ გაარკვია, რომ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, 2024 წლის 1 სექტემბრიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასასაქმებელი პირი „უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას“:
ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.