დიაგნოსტიკური ტესტირება საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ გასულ სასწავლო წლის ბოლოს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჩატარდება თუ არა აღნიშნული ტესტირება და როდის - etaloni.ge-სთან დეტალებს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა განმარტავს:
„გვინდა, დიაგნოსტიკური ტესტირება ჩავატაროთ და იქნება აუცილებლად... რაც შეეხება გადადების მიზეზებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რესურსცენტრებთან, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან... გარკვეული პანიკა მოჰყვა ანონსს, ბავშვებიც დაიზაფრნენ და ამიტომ ვამჯობინეთ, გადაგვედო.
არადა, განვმარტეთ, რომ სამინისტრო არავის ამოწმებდა, მივეცით წიგნები, რესურსები, ტესტებიც კი შედგენილი იყო და პედაგოგებსაც ვუხსნიდით, თავად ჩაეტარებინათ ტესტირება და თავადვე შეემოწმებინათ.
ზოგადად გვინდა, ჩავერთოთ სკოლის განვითარების პროცესში, მასწავლებელმაც უნდა იცოდეს, რომ ხარვეზის გამო კი არ დაისჯება, პირიქით, ექნება ხელშეწყობა...
ასე რომ დიაგნოსტიკური ტესტირება დაგეგმილი გვაქვს, თუმცა დიდი სამუშაოა გასაწევი“.