კათედრის წევრები ერთმანეთს გაკვეთილზე უნდა ესწრებოდნენ - ურთიერთდასწრების დროს გასათვალისწინებელი 4 ფაქტორი
24-01-2023

ურთიერთდასწრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.

კათედრის წევრები გაკვეთილზე ერთმანეთს უნდა ესწრებოდნენ. დასწრების მიზანი პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა უნდა იყოს. როგორც კათედრის ხელმძღვანელებისთვის შექმნილ გზამკვლევშია აღნიშნული, იმისათვის რომ ურთიერთდასწრების პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს, გათვალისწინებული უნდა იყოს ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

დაგეგმვა - ურთიერთდასწრება წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, რათა არ მოხდეს სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლა ან ჩაშლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ორივესთვის, მასწავლებელისა და მხარდამჭერისთვის, შეირჩეს მოსახერხებელი დრო;

გაკვეთილზე დაკვირვება - მასწავლებელისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ის ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებს დამსწრე პირი გაკვეთილზე დასწრებისას. ინსტრუმენტი უნდა შეირჩეს სწავლების ფორმის შესაბამისად (პირისპირ ან დისტანციურ გაკვეთილზე დაკვირვების ფორმა);

რეფლექსია - კათედრის წევრებმა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შესაძლოა, შეარჩიონ და შეიმუშაონ საორიენტაციო კითხვები რეფლექსიისთვის. წინასწარ შემუშავებულ კითხვებში, ერთი კათედრის მასწავლებლები, სავარაუდოდ, შეარჩევენ საგნის სპეციფიკისთვის დამახასიათებელ საორიენტაციო კითხვებსაც. რეფლექსიისას მასწავლებელს არ გამორჩება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოს.

უკუკავშირი - ფორმა (წერილობითი თუ ზეპირი) წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული კათედრის წევრებს შორის. მნიშვნელოვანია, უკუკავშირის ფორმა იყოს შედგენილი ეთიკის ნორმების დაცვით და საშუალებას იძლეოდეს, უკუკავშირის გამცემმა პირმა აღნიშნოს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, ასევე უნდა მოიცავდეს რეკომენდაციების ნაწილსაც.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203