იანვრიდან საქართველოში ბაღის აღმზრდელების ანაზღაურება 2023 წლიდან 100 ლარით იზრდება, თუმცა ეს სააღმზრდელო დაწესებულებებში დასაქმებულთა კმაყოფილებას ნამდვილად არ იწვევს, რადგან საბოლოოდ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის ხელფასი საკმაოდ დაბალია და ალბათ, ინტერესსმოკლებული არ იქნება იმის გაგება, თუ რა შემოსავალი აქვთ მსოფლიოს ქვეყნებში აღმზრდელებს - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-მ სხვადასხვა წყაროდან მოიძია:
ნორვეგიის საბავშო ბაღებში, აღმზრდელზე, რომელსაც აქვს ბაკალავრის ხარისხი 14-18 აღსაზრდელი მოდის, ყოველთვიური საშუალო ხელფასი კი შეადგენს დაახლოებით 35 200 ნორვეგიულ კრონს, რაც დაახლოებით 6 000 დოლარია;
შვედეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელის საქმიანობა მაღალანაზღაურებად არ მიიჩნევა და სააღმზრდელო დაწესებულებაში დასაქმებულთა ხელფასი 2900 ევროა; ფინეთში მათი ანაზღაურება 1700-დან 2 200 ევრომდე მერყეობს; დანიაში კი აღმზრდელების ხელფასი, საშემოსავლოსა და სხვა გადასახადების გამოკლებით, 2000 ევროა;
რაც შეეხება აშშ-ს, კალიფორნიაში საათში 31 დოლარს იღებენ, ხოლო ნიუ-ჯერსიში - 35-ს; გერმანიაში აღმზრდელებს ასევე საშუალო შემოსავალი აქვთ - ხელზე ასაღები 1500 ევრო.