როდის აქვს სკოლის მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება და რა ვალდებულება ეკისრება ამ დროს
30-01-2023

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. გამოყენებული ფიზიკური ძალა წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას;

ბ) მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ეს პირი მიიმალება ან გარშემომყოფთ ზიანს მიაყენებს.

3. ფიზიკური ძალის გამოყენების დროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ და მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როდესაც პირის გაფრთხილება შეუძლებელია;

ბ) ფიზიკური ძალა გამოიყენოს წარმოქმნილი საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური უნდა იყოს;

გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს ამის შესახებ სამინისტროს;

დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

4. აკრძალულია ფიზიკური ძალის ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

5. მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს.

6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევაში დგება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმი. ამ ოქმში სხვა ინფორმაციის მითითებასთან ერთად უნდა დასაბუთდეს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203