კვლევის 4 ინსტრუმენტი, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ მასწავლებლები - თითოეულის მოკლე მიმოხილვა
27-01-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მუდმივად მოითხოვს საქმიანობის ანალიზისა და საჭიროებების დადგენას.

თუ გვსურს, სასწავლო პროცესი გავაუმჯობესოთ და მეტად შედეგიანი გავხადოთ, მნიშვნელოვანია კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით გამოვლინდეს.

დაკვირვება, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი და ანკეტირება გავრცელებული მეთოდებია. კვლევის ამ მეთოდებს მასწავლებლები ყველაზე ხშირად მიმართავენ. გთავაზობთ კვლევის ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვას:

დაკვირვება ყველაზე მარტივად დასაგეგმი და გავრცელებული მეთოდია მონაცემთა შესაგროვებლად. განარჩევენ დაკვირვების ორ ტიპს: „უბრალო“ და „ჩართული“. „უბრალო“ დაკვირვების დროს მკვლევარი სიტუაციაში არ მონაწილეობს და ის გარედან აკვირდება პროცესებს. „ჩართული“ დაკვირვების დროს კი მკვლევარი-მასწავლებელი თავად მონაწილეობს იმ სიტუაციებში, რომელსაც შეისწავლის.

ინტერვიუს დროს მკაცრად არის განსაზღვრული ინტერვიუერისა და რესპონდენტის როლები. ინტერვიუს მიზანია, ინტერვიუერმა რესპონდენტისგან გაიგოს ის, რაც მნიშვნელოვანია. ეს არაა უბრალოდ საუბარი. მკვლევარმა წინასწარ უნდა ჩამოაყალიბოს კითხვები, მაგრამ სიტუაციამ შეიძლება ახალი კითხვების დასმის საჭიროება გამოკვეთოს, ამიტომ ინტერვიუს პროცესში ჩამოწერილი კითხვების შეცვლა ან ჩამატება შესაძლებელია. დაუშვებელია, ინტერვიუს დროს მკვლევარმა-მასწავლებელმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, რადგან ეს გამოიწვევს მოპასუხის მანიპულირებას.

ფოკუს-ჯგუფი ჯგუფური ინტერვიუს სახეობაა, სადაც ინტერვიუერი 8-10 ადამიანს ესაუბრება. ფოკუს-ჯგუფის დროს წარმოქმნილი დისკუსიის შედეგად უკეთ ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულება გარკვეული პრობლემისადმი.

ინტერვიუსთან შედარებით ფოკუს-ჯგუფში, უფრო დიდი შანსია, რომ რამდენიმე ადამიანიდან ერთ-ერთმა მაინც გამოიჩინოს გულწრფელობა, რაც შემდეგ სხვების გულახდილობასაც გამოიწვევს. ფოკუს-ჯგუფის დროს რესპონდენტები უფრო თამამად საუბრობენ, ვიდრე ინტერვიუს დროს.

ანკეტირება არის ინტერვიუს სტრუქტურირებული სახე. განსხვავება ანკეტირებასა და ინტერვიუს შორის ისაა, რომ ანკეტირების გამოყენებისას მკვლევარ-მასწავლებელს რესპონდენტის პასუხებზე უშუალო რეაგირება არ შეუძლია, ასევე შეუძლებელია გზადაგზა დამაზუსტებელი კითხვების დასმა.

მასწავლებლები კვლევებში იყენებენ სხვადასხვა ტიპის ანკეტას, როგორიცაა: დახურული, ღია, სახელობითი, ანონიმური.

თუ ანკეტას თან ახლავს პასუხის შესაძლო ვარიანტების სია, ის  დახურულია. ღიაა კითხვები კი რესპონდენტებს პასუხის შესაძლო ვარიანტებს არ სთავაზობს. რაც შეეხება სახელობით და ანონიმურ ანკეტებს, სახელობითისგან განსხვავებით, ანონიმური ანკეტის უპირატესობა ისაა, რომ ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში რესპონდენტი უფრო გულწრფელია და აქედან გამომდინარე, მისი პასუხი უფრო ზუსტია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203