ბაღების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ვადებმა 1 აპრილამდე გადაიწია, ავტორიზაციისთვის მზადება დაწყებულია და კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებიც კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევიან, ისევე როგორც საჯაროები. ზოგადად, ავტორიზაცია გულისხმობს ინფრასტრუქტურის, კვების რაციონის, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის კონტროლს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ კერძო სააღმზრდელო დაწესებულებების ნაწილი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს; მათ ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფუნქციონირებას შეწყვეტენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მაგალითად ფუქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელიც კორპუსის ბინაშია განთავსებული და საკუთარი ეზო არ აქვს; სტანდარტში შემუშავებულია კვების, ინფრასტრუქტურის, სააღმზრდელო პროცესისა და თემის ჩართულობის ნაწილიც - მაგალითად ბაღს უნდა ჰქონდეს გარე იზოლირებული სივრცე, კვების დადგენილი კალორაჟი, ჯგუფში ბავშვების განსაზღვრული რაოდენობა...
ცენტრში აცხადებენ, რომ ბაღებს პირველ ჯერზე ექნებათ მოსამზადებელი ეტაპი; 1-დან 2 წლამდე პერიოდში უნდა გააკეთონ თვითშეფასება, გაარკვიონ, თუ რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად.
ავტორიზაციის მინიჭება 2025 წლიდან დაიწყება, მანამდე კი ბაღებს ხარვეზების გამოსწორებაზე მოუწევთ ზრუნვა, ავტორიზაციის განრიგი მომავალ წელს მომზადდება.
როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო ხითარიშვილი აღნიშნავს, ბაღების თვითშეფასება იქნება მნიშვნელოვანი ორი კუთხით: ბაღი დაინახავს საკუთრ გამოწვევებსა თუ მიღწევებს და ეცოდინებათ, საით მიმართონ ძალისხმევა, მონაცემების ანალიზი კი სისტემას მისცემს საშუალებას, სრულად დაინახოს სურათი და დაგეგმოს მხარდამჭერი აქტივიობები.
აღსანიშნავია, რომ იუნესფიც აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და აცხადებენ, რომ კვებისა და ინფრასტრუქტურის საკითხების გარდა, დიდი ყურადღება ენიჭება აღმზრდელის კვალიფიკაციას, რომელმაც ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ჯგუფში შესაბამისი გარემო უნდა შექმნას.