„მოგვანიჭეთ სტატუსი მხოლოდ გამოცდით, ნუ გვაყენებთ არათანაბარ პირობებში მასწავლებლებს“ - პეტიცია
პედაგოგები, რომლებმაც წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მისანიჭებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, დღემდე ელიან პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტს, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნებული. ცნობილია, სამუშაო დოკუმენტი, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, თუმცა დამტკიცებული სქემა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, გამოცდაჩაბარებული მასწავლებლები ვერ ახერხებენ შესაბამისი აქტივობების ჩატარებას, რაც აფერხებს მათ წინსვლას.
პედაგოგთა ნაწილი ითხოვს, საერთოდ გაუქმდეს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტი და სტატუსის ამაღლება მხოლოდ გამოცდით იყოს შესაძლებელი. აღნიშნული მოთხოვნით პედაგოგმა, ანა ჯანგიშერაშვილმა პეტიცია შექმნა, რომელსაც ხელს 3000-ზე მეტი მასწავლებელი აწერს.
პეტიცია
„2022 წელს ჩატარებული წამყვან-მენტორის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მასწავლებლებს მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი. ეს წესი გავრცელდეს იმ მასწავლებლებზეც, ვინც მომდევნო წლებში ჩააბარებს ამ გამოცდას. მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან წინა მოქმედი სქემა ითვალისწინებდა გამოცდით წინსვლას, მასწავლებელთა ნაწილი ელოდა გამოცდას, რათა მისი საშუალებით მომხდარიყო წინსვლა,გამოცდის დაგვიანებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა და დააზარალა მასწავლებლები. გარდა ამისა, გამოცდა ჩატარდა მცირე დროში და მასწავლებლებს მოუწიათ დიდი მოცულობის მასალის მოკლე დროში დამუშავება, მომზადება. როგორც მოგეხსენებათ საგამოცდო დრო და მასალა შემცირდა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს, ეს კიდევ უფრო აზარალებს მასწავლებლებს, ამიტომ სამართლიანი იქნება თუ წამყვან-მენტორის სტატუსი გამოცდა ჩაბარებულ მასწავლებლებს პირდაპირ მიენიჭებათ. თუმცა ეს არ გამორიცხავს მასწავლებელთა წინსვლას პორტფოლიოს შეფასებით, მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე“.