ონის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქეთი დავითაძემ, რეგიონულ სპორტულ ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა.
შესაბამისად, მან, საქართველოს სხვა სკოლების გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად, ჯილდოდ კუნძულ მალტაზე ერთკვირიანი საგზური მიიღო.
ამავდროულად, ონის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლემ, ანი გამყრელიძემ, მომავლის ლიდერთა (FLEX-ის) გაცვლითი პროგრამის კონკურსი წარმატებით გაიარა. შესაბამისად, ანი ამერიკაში სასწავლებლად ერთი წლით გაემგზავრება.
მასთან ერთად, აშშ-ში, ბენჯამინ ფრანკლინის საზაფხულო სკოლაში, ერთთვიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, თანაკლასელი ნინი მეტრეველი აიმაღლებს ცოდნას.
ანი გამყრელიძე
ნინი მეტრეველი
ონის საჯარო სკოლამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ვიდეოკონკურსშიც (სახელწოდებით „გაგვაცანი შენი სკოლა“) მიიღო მონაწილეობა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან 70 გუნდი იყო წარმოდგენილი.
გამარჯვებული კვლავ ონის საჯარო სკოლის გუნდი „S.M.G” გახდა, რომელსაც პრიზად 1000 ლარი გადაეცა. ასევე, გუნდის მოსწავლეები - საბა მეტრეველი, ლუკა სამხარაძე, თიკო გობეჯიშვილი, ლაშა მეტრეველი და თაკო გობეჯიშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 50%-იანი სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.