ქვიშის საათის ამბები - მჭევრმეტყველების კონკურსი „მეგასკოლაში“
20-04-2018
დღევანდელ სამყაროში ადამიანები კომპიუტერს არიან მიჯაჭვულნი. დამამთავრებელი თუ მისაღები გამოცდებიც არავერბალურ ფორმატშია. აქედან გამომდინარე, ბავშვი  პრეზენტატორულ უნარებს გადაჩვეულია. უფრო ზუსტად კი, არგუმენტირებულად მსჯელობა არ ძალუძს,  თავის აზრს ვერ ასაბუთებს, დაძაბულობისაგან საუბრის  დროს  ბგერებს აორმაგებს. რა თქმა უნდა, ეს ჟესტიკულაციაზეც აისახება. 

თუმცა ყველა პრობლემას გადაჭრის გზა მოეძებნება. ამ კუთხით ბათუმის „მეგასკოლის“ კოლექტივმა მჭევრმეტყველების კონკურსის ჩატარება გადაწყვიტა.

კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა. მოსწავლეებს გარკვეული  შიში ჰქონდათ. ამიტომაც ბევრმა მონაწილეობაზე უარი თქვა. პირველ ტურში მოსწავლეებს თავისუფალ თემაზე 2 წუთის განმავლობაში უნდა ესაუბრათ. კონკურსანტებს შეფასების კრიტერიუმები წინასწარ გააცნეს. საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები მეორე ეტაპზე გადავიდნენ. 

აქ უკვე დავალება შეიცვალა -  მათ  სასაუბრო თემა უნდა ამოერჩიათ, იქვე მოეფიქრებინათ და სანამ ქვიშის საათი ჩაიცლებოდა, ესაუბრათ.

ფინალში დავალების პირობა კიდევ უფრო გართულდა. მონაწილეებს საინფორმაციო ტექსტები უნდა შეექმნათ. გასაოცარი იყო მათი თემები,  ნააზრევის არგუმენტირებული დასაბუთება, დახვეწილი ლექსიკა და მშვიდი ტონი.  

გამარჯვებულებს დიპლომები და პრიზები გადაეცათ. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამჟამად უკვე ყველას უნდა კონკურსის ხელახლა ჩატარება და  მასში მონაწილეობის მიღება.  

შიში იმისა, რომ ვერ დაძლევდნენ, გაქრა.

ავტორი: „მეგასკოლა“ 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203