მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგიკაში არაერთ სიახლეს მოიაზრებს და მათ შორისაა მეტაკოგნიტური პაუზა. გთავაზობთ განმარტებას პედაგოგებისთვის - რას გულისხმობს მეტაკოგნიტური პაუზა?
ესაა სამუშაო პროცესის შეჩერება იმ მიზნით, რომ გააანალიზო, როგორ მიმდინარეობდა იგი. მოსწავლეები, ასე ვთქვათ, „უკან ატრიალებენ კადრებს“ და აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულების დროს - ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, აფასებენ მათ ეფექტიანობასა და ეკონომიურობას, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს, ურთიერთგაზიარებით ამდიდრებენ ერთმანეთის გამოცდილებას, სწავლობენ განსხვავებული სტრატეგიების გამოყენებას. მასწავლებელი, ცხადია, ხელს უწყობს მოსწავლეებს გააცნობიერონ მნიშვნელოვანი ფაქტორები, ელემენტები, საჭიროებისამებრ, გეზს აძლევს მათ, სთავაზობს განსხვავებულ მიდგომებს.
მეტაკოგნიტური პაუზების ჩართვა მუშაობის პროცესში ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს, განავითაროს საკუთარი პოტენციალი, მოძებნოს საკუთარ თავში სიძნელეთა დაძლევის ახალი რესურსები, გახდეს უფრო ქმედითი, წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად. ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია, რაც ორი ურთიერთდამოკიდებული ფაქტორითაა განპირობებული. ერთი მხრივ, მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლისათვის პრიორიტეტულია არა სწავლის შედეგი, არამედ სწავლის პროცესი, ანუ არა იმის განსჯა, თუ რა იცის ან არ იცის მოსწავლემ, რა შეუძლია ან არ შეუძლია მას, არამედ მისი თანადგომა ცოდნის აგების პროცესში. ასეთ კონტექსტში არ არსებობენ წაგებულები და მოგებულები და მოსწავლეს უჩნდება იმის განცდა, რომ შეუძლია იმ ცოდნის შეძენა, რომელიც აკლია წარმატების მისაღწევად.
ამასთან, მოსწავლე აცნობიერებს, რომ შეუძლია ისეთი სტრატეგიების გამომუშავება და განვითარება, რომლებიც მის ქმედითუნარიანობას გაზრდის. იჯერებს, რომ შეუძლია წინსვლა, დაბრკოლებების გადალახვა, ხარვეზების გამოსწორება, ანუ სწავლის პროცესის მიმდინარეობის მართვა.