„ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რასაც ბუფეტების შემოწმებისას ვაწყდებით“ - საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე
23-04-2018
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე, სკოლებში მოქმედი სასადილოების, ე.წ. ბუფეტების შემოწმებით არის დაკავებული. თითქმის ყველა სკოლაში, რომელსაც ის ტელეკამერების თვალწინ ათვალიერებს, მნიშვნელოვან დარღვევებს აწყდება. ძირითადი პრობლემა ჰიგიენური ნორმებია. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა შემცველობის და სად დამზადებულ პროდუქტებს მიირთმევენ ბავშვებს მაშინ, როცა მათ მშობელი ვერ ხედავს. 

- ყველაზე დიდი საშინელება, რასაც ბუფეტების შემოწმებისას ვაწყდებით, ჰიგიენური ნორმების დარღვევაა. მაგალითად, ერთ სკოლაში აღმოვაჩინეთ, რომ კვების ბლოკში არ ხდებოდა ტერიტორიის რეცხვითი დეზინფექცია. სადეზინფექციო საშუალებები ვადაგასული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე არა სადეზინფექციო საშუალება, არამედ შხამია, რადგან ეს ქიმური ნაერთია, რომელსაც აქვს მოხმარების წესი, ვადა და თუ მათ ზუსტად არ დაიცავ, ქიმიური რეაქციები ხდება, რაც შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს ადამიანებისთვის. ასევე უხეში დარღვევაა კვების ბლოკებში ცივი და ცხელი წყლის არარსებობა...

- რაც შეეხება თავად საკვებს, რას ჭამენ ბავშვები მაშინ, როცა მშობლები არ უყურებენ?

- ზოგ სკოლაში იქვე ამზადებენ საკვებს. ზოგს კი ხელშეკრულება აქვს დადებული რიგ საცხობებთან და შეაქვთ უკვე დამზადებული პროდუქტები. ჩვენ მოვინახულეთ როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონებში მოქმედი სკოლები და თბილისში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე რეგიონებში. საერთოდ, სკოლის კვების ბლოკი არის სკოლისგან სრულიად დამოუკიდებელი ბიზნესოპერატორი. სკოლა აცხადებს ტენდერს, ფასებიდან გამომდინარე, ვინც უკეთეს სატენდერო წინადადებას შეიმუშავებს, ის ხდება გამარჯვებული და მას გადაეცემა მართვაში კვების ბლოკი. ცუდი ის არის, რომ პასუხისმგებლობა კვების ბლოკზე სკოლის დირექციას არ ეკისრება და ბევრი რამ მხოლოდ ბიზნესოპერატორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

- ანუ ტენდერის მოგების განმსაზღვრელი მხოლოდ ის არის, რომ იაფად შესთავაზონ პროდუქტი და ხარისხს მნიშვნელობა არ აქვს?

- სამწუხაროდ, დღეს მოქმედი კანონებით, ტენდერის მოგების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ფასია. ჩემი აზრით, აუცილებელი პირობა უნდა იყოს, რომ მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებულ საწარმოებს ჰქონდეთ კვების ბლოკის მართვის უფლება, მხოლოდ ამ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ უნდა მიიღოს კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია და რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის კვება. ფასი კი არა, პროდუქციის ხარისხი და უვნებლობა უნდა იყოს გადამწყვეტი. პროდუქტი ყველა ტექნოლოგიური ციკლის და უვნებლობის პარამეტრების დაცვით უნდა იყოს მომზადებული. 

- რეალობა როგორია, რას ჭამენ ბავშვები სკოლაში?

- რეალობა ის არის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ტენდერში მონაწილეობა და თუ დაბალ ფასს შესთავაზებს, ტენდერსაც იგებს. არ ხდება კომპანიის ისტორიისა და იმიჯის გათვალისწინება. არადა, ყველა მშობელი გეტყვით, რომ ურჩევნია, მისმა შვილმა სკოლაში ერთხელ ჭამოს, მხოლოდ ერთ დასვენებაზე და ის საკვები ყველა მოთხოვნის დაცვით იყოს დამზადებული. 

ყველა სკოლაში სხვადასხვა პროდუქტი შედის. არ არის მკაცრად განსაზღვრული პროდუქტთა სია, რაც დიდი შეცდომაა. ჯანდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს, განსაზღვროს სკოლაში შესატანი პროდუქტების სია. გარკვეული შეზღუდვები კი არის დაწესებული, მაგრამ ხშირად მხვდება მაგალითად, „ბურბუშელა“, რაც დაუშვებელია. „ბურბუშელა“  ბავშვისთვის არანაირ ენერგეტიკულ ღირებულებას არ წარმოადგენს. არ შეიძლება სკოლებში იყიდებოდეს დიდი რაოდენობით საღებავის შემცველი და ასკარპამზე დამზადებული ტკბილი გაზიანი სასმელები, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია. ბავშვის მენიუ ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ მან შეძლოს დახარჯული ენერგიის აღდგენა, მისმა ორგანიზმმა სრულყოფილად იფუნქციონიროს სკოლაში ყოფნის პერიოდში. სკოლის ბუფეტში ბავშვმა უნდა მიირთვას, მაგალითად ხაჭაპური, ფუნთუშა, მაწონი, იოგურტი, ხილი... ყველაფერი, რაც ბუფეტში იყიდება, ბავშვისთვის სასარგებლო უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შოკოლადის და სხვადასხვა ქვეყნის გაურკვეველი წარმოების იაფფასიანი ორცხობილების, ჩიფსების გაყიდვა. საქართველოში არის საწარმოები, რომლებიც არაჩვეულებრივ საბავშვო ორცხობილებს ამზადებენ. მნიშვნელოვანია, ბავშვს არ ჰქონდეს სკოლაში წვდომა ისეთ პროდუქტზე, რასაც მშობელი ყოველდღიურ ცხოვრებაში არაფრით შეაჭმევს.

- გასულ წლებში განათლების სამინისტრომ გაატარა ცვლილებები, სკოლის ბუფეტებში მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი მოხვდებაო და ვაშლებიც კი დარიგდა. ამ ინიციატივას შედეგი არ მოჰყვა?

- სიტუაცია ახლა ცოტა უკეთესია, მაგრამ კიდევ გადასახედია ეს სია და შეზღუდვების ნუსხა გასადიდებელია. რაც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი ისევ იყიდება სკოლებში. თუ სატენდერო პირობებს არ ასრულებს სათანადოდ ბიზნესოპერატორი, სკოლის დირექტორს უნდა ჰქონდეს უფლება, შეუწყვიტოს ხელშეკრულება. ბავშვების კვება პირდაპირ აისახება მათ შემდგომ ცხოვრებაზე. ბავშვის ორგანიზმი და გონება ჩამოყალიბების პროცესშია და სწორედ ამ დროსაა მნიშვნელოვანი სწორად კვება, მით უმეტეს იმ ადგილებში, სადაც მშობელი ბავშვის რაციონს ვერ აკონტროლებს, და ეს პასუხისმგებლობა სკოლას უნდა ეკისრებოდეს.

- საქართველოში წლების წინ ყველა სკოლაში ერთი და იგივე პროდუქტი შედიოდა. მაშინ მკაცრად იყო განსაზღვრული პროდუქტების სია?

- დიახ, არსებობდა სტანდარტი, მოთხოვნები, შეზღუდვები, არსებობდა დაშვებული პროდუქტების ნუსხა და ამის მიხედვით შედიოდა სკოლებში. ეს წესი აუცილებლად უნდა აღდგეს. ცხოვრება წინ მიდის, ქვეყანა ვითარდება, ადგილობრივი ნაწარმიც ბევრი გვაქვს. სწორი კვების შერჩევა ამ პირობებში სულაც არ წარმოადგენს სირთულეს. ფასიც ადეკვატური უნდა იყოს. არ შეიძლება ხაჭაპური, რომელიც გარეთ 50 თეთრი ღირს, სკოლაში ლარნახევრად იყიდებოდეს. 

- რა როლი შეიძლება შესარულონ ამ პროცესებში მშობლებმა და მოსწავლეებმა?

- საბედნიეროდ, ძალიან გათვითცნობიერებული თაობა გვყავს. არაერთი მოსწავლე მწერს და მესაუბრება მათ სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მშობელს კვების ბლოკთან წვდომა არ აქვს და მას არ შეუძლია ყველაფრის გაკონტროლება და პრეტენზიის ხმამაღლა გამოთქმა. სხვათა შორის, მშობლები იმიტომაც ერიდებიან პრეტენზიების ხმამაღლა გამოთქმას, რომ არ უნდათ გაანაწყენონ სკოლის დირექცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203