დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თელავის N2 საჯარო სკოლაში
20-04-2018

ეროვნული ენა ერის არსებობის აუცილებელი პირობაა, მისი ეროვნული ვინაობის მიმანიშნებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. ქართული ენის დიდმა მოამაგემ, იაკობ გოგებაშვილმა, მშობლიურ ენას „ეროვნების ბურჯი“ უწოდა. 

მრავალმტრიანი, უნათესავო და უთვისტომო ქართველთა მოდგმა ისტორიულ ქარტეხილებში ხშირად ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“, მაგრამ შეუძლებელი შეძლო, ფიზიკური არსებობაც შეინარჩუნა და ეროვნული თვითმყოფადობაც, გადარჩა და გადაარჩინა თავისი არსებობის ბურჯი, ქართული ენა.

ჩვენმა ქვეყანამ წელს მეორმოცედ იზეიმა 1978 წელს იმპერიულ ძალებზე ქართველი ერის გამარჯვება, კიდევ ერთხელ აღნიშნა უკვე ტრადიციად ქცეული დედაენის დღე. არაერთი ღონისძიებით გამოეხმაურა ამ მოვლენას თელავის N2 საჯარო სკოლა.  

ლამაზი და დაუვიწყარი იყო ეს დღე მეორე, მეოთხე, მეხუთე კლასების მოსწავლეებისთვის (მასწავლებლები - თინათინ დაღუნდარიძე, იზოლდი ბურდიაშვილი, ლეილა გოცირიძე).

მათ ყვავილებით შეამკეს დედაენის ძეგლი, შეასრულეს მშობლიური ენის, იაკობ გოგებაშვილის „დედაენისადმი“ მიძღვნილი სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს წარსული, ქართველი მოღვაწეები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული ენის განვითარებასა და გადარჩენაში.

შთამბეჭდავი, ემოციური და საინტერესო იყო მეცხრეკლასელთა მიერ მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ენაი შემკული და კურთხეული“ (მასწავლებელი ნანი ჩიდრაშვილი). მოსწავლეებმა ქართული ენის თავგადასავალი გააცოცხლეს  უხვად წარმოდგენილი თვალსაჩინოების ფონზე, აღნიშნეს, რომ ქართული ენა უხსოვარი დროიდან ქართველისთვის სამყაროს შეცნობისა და  თვითგამოხატვის, შემოქმედებითი ძალების რეალიზების  საშუალებაც იყო, კაცობრიობის კულტურული და სამეცნიერო მიღწევების გათავისების საშუალებაც და ეროვნული ღირსების სიმბოლოც სახელმწიფო ენის სახით. 

მოსწავლეებმა ქართული სალიტერატურო ენის უძველესი ნიმუშები გაახმიანეს, ქართული ენის ყოფნა-არყოფნის ურთულესი ეტაპები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში, რომელიც საფრთხეს უქმნის მცირერიცხოვან ერთა თვითმყოფადობას, არაერთ ისტორიულ ძნელბედობას  გადარჩენილი მშობლიური ენისადმი ქართველთა მიერ გამოვლენილი გულგრილობა და უპასუხისმგებლობა, ქართული ენის ბარბარიზმებით, ჟარგონით  დანაგვიანება, ეროვნული დანაშაულია, ერის თვითმკვლელობაა.

ავტორი: თელავის N2 საჯარო სკოლა 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203