სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან. საბჭოს საკმაოდ მრავლფუნქციური დანიშნულება აქვს და არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს სკოლისთვის, მათ შორის, სწორედ სამეურვეო საბჭო ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს.
სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა 3 წლით ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა საბჭოს წევრსად და უშუალოდ საბჭოსაც უფლებამოსილება უწყდება. ზოგადი განათლების შესახებ კანონში აღნიშნული შემთხვევები დეტალურად არის გაწერილი.
სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;
ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.
სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
ა ) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით;
გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით.
-----
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.
უფლებამოსილებაშეჩერებულ საბჭოს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები სამეურვეო საბჭოს იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.