შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებისთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებსა და პედაგოგებთან 9 თებერვალს, საგარეჯოში ჩატარდება. ასევე იგეგმება ონლაინშეხვედრაც, სადაც ყველა აქტუალურ კითხვაზე მიიღებენ პასუხებს.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას, ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ამის საშუალება აპლიკანტებს მარტის დასაწყისში მიეცემათ, ხოლო ცნობარი მანამდე გამოქვეყნდება:
„ხუთშაბათს ღია კარის დღე ჩატარდება საგარეჯოში; რაც შეხება რეგისტრაციას, ვთხოვ აბიტურიენტებს თვალი ადევნონ ჩვენს ვებგვერდს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამორჩეთ. აბიტურიენტების ცნობარი კი რეგისტრაციის გამოცხადებამდე გამოქვეყნდება“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომლებიც აპლიკანტებს ეროვნულ გამოცდებზე ელით, თუმცა იქვე განმარტა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები წელს დაგეგმილი არ არის.
„წელს განსაკუთრებული სიახლეები არ გვაქვს; ზოგადად, ტესტების ფორმატში ყოველ წელს არის ხოლმე მცირე ცვლილება და წელს ის მათემატიკის, უცხოური ენის და ისტორიის ტესტებს შეეხო;
მაგალითად, უცხოურ ენაში წერილის დაწერა იყო ერთ-ერთი დავალება, წელს კი ამოვიღეთ და საჭირო იქნება დიალოგის შევსება...“, - აღნიშნა გორგოძემ და დასძინა, რომ უმთავრესი საკითხი, რომელიც აბიტურიენტმა რეგისტრაციის უნდა გაითვალისწინოს, ქალაქის მითითებაა, სადაც სურს ტესტირების გავლა:
„პირველ რიგში უნდა მიუთითონ ქალაქი, რადგან შემდეგ ამ მონაცემის შეცვლის საშუალება არ ექნებათ... რეგისტრაციის გავლა კი 5 წუთში იქნება შესაძლებელი. თუ სპეციალური საჭიროება აქვს აპლიკანტს, უნდა წარმოადგინოს ფორმა N100“.