ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „სხივი“, თამილა რიონიძის ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი საღამო - „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“ ჩაატარა.
ღონისძიება პროექტ „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა.
საღამო ეძღვნებოდა მეთორმეტე კლასის მოსწავლეს თორნიკე შამილიშვილს, როგორც ახალგაზრდა შემოქმედს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თორნიკე შამილიშვილმა საკუთარი ლექსები წაიკითხა და ისაუბრა, თუ რა ასაკიდან დაიწყო წერა, რა არის მისი მუზა და რას გეგმავს სამომავლოდ.
„ლექსების წერა 11 -12 წლის ასაკში დავიწყე, ჩემი პირველი ლექსი დავწერე დიად გრძნობაზე, რასაც სიყვარული ჰქვია. ლექსების წერა არ არის მხოლოდ რითმების შეხამება, ეს გრძნობისა და განცდის სიტყვიერი გადმოცემაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ლექსი უნდა დაიწეროს სულის გამოძახილით და არა დაკვეთით“,- ამბობს სკოლის აღსაზრდელი.
კლუბის წევრებმა წაიკითხეს თორნიკეს ლექსები, თავიანთი ჩანახატები და ესეები.
ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდა შემოქმედმა მასწავლებლებსა და თანასკოლელებს გაზაფხული ლექსით მიულოცა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ღონისძიების ორგანიზების საკითხს დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ.
„ღონისძიების მონაწილეებმა მასწავლებლებისაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურეს. თორნიკესთვის ერთგვარი მოტივაცია და სტიმულია შემდგომი შემოქმედებითი წინსვლისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები