„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, მე-12 კლასში შემავალი საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ჩატარდება ცენტრალიზებულად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;
ცნობილია ისიც, რომ აპლიკანტები ტესტირებას ელექტრონული ფორმით გაივლიან სკოლებში; სამინისტრო კი სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან შეარჩევს კომბინირებულ დავალებებს.
აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, რესურსსკოლებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
„დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება (ქულა ან ჩათვლა) იწერება“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს განათლების მინისტრი აწერს და რომელიც უკვე ძალაშია.
ექსტერნატის გამოცდები 20 თებერვლიდან ჩატარდება - დეტალები