„როდესაც შენს პროფესიას პატივს არ სცემ, არც მოსწავლეს მოუნდება სკოლაში იმუშაოს“- დირექტორები მასწავლებლის პროფესიის პოპულარობაზე საუბრობენ
13-02-2023

საქართველოში პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისთვის სხვადახვა რამ გაკეთდა. არის უფასო ფაკულტეტები, მაღალმთიან რეგიონში დასაქმებულებს მეტი ანაზღაურება აქვთ, თუმცა მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის. მათი თქმით, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ახალგაზრდებში მასწავლებლობა პოპულარული არ არის. 

მოსწავლეები მომავალი პროფესიის არჩევისას სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ, იქნება ეს: საქმის სიყვარული, ანაზღაურება, სამომავლო პერსპექტივა თუ განვითარების შესაძლებლობა. 

ჩვენ საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და მათი აზრი მოვისმინეთ - არის თუ არა მოსწავლეებში მასწავლებლის პროფესია პოპულარული, რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ არსებული მაჩვენებლის გასაზრდელად და თავად რატომ გადაწყვიტეს პედაგოგობა. 

როგორც დირექტორების ერთი ნაწილი ამბობს, ადრინდელთან შედარებით, მასწავლებლის პროფესია მოსწავლეებში ახლა უფრო პოპულარულია, მათ პედაგოგობა მოსწონთ. მეორე ნაწილის თქმით კი, ახალგაზრდები ამ პროფესიას არ ირჩევენ. 

ზურაბ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის პროფესია რიგ მოსწავლეებს მოსწონთ. აღსანიშნავია, რომ რომელიღაც კონკრეტული პედაგოგი თუ უყვართ, მაშინ მის საგანსაც იყვარებენ. არიან ისეთები, ვინც ფიქრობენ, რომ სამომავლოდ მასწავლებლის პროფესია აირჩიონ. სკოლას ამ ინტერესის გაღვივება შეუძლია. ჩვენთან საგანი პროფ.ორიენტაცია ისწავლებოდა, პედაგოგი მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის შესახებ ესაუბრებოდა, ურჩევდა თუ რატომ არის კარგი. შემდეგ კი მოსწავლე არჩევანს, რასაკვირველია, თავისით აკეთებდა.

მაია ბარჯაძე, როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:  

არიან მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებლები უყვართ, მაგრამ მომავალ პროფესიად რამდენად აირჩევენ, არ ვიცი. ახლა ჩემ გვერდით დგას ერთი მოსწავლე, რომელმაც მითხრა, რომ ისტორიის პედაგოგობა უნდა. ახლა ის პერიოდიც აღარ არის მხოლოდ სამედიცინო, რომ უნდოდათ. დღეს, ინტერიერის დიზაინი, პროგრამირება - ეს მიმართულებები უფრო აინტერესებთ, რადგან შედარებით მაღალშემოსავლიანია.

მე მაგალითად, ხელფასი საერთოდ რომ არ მქონდეს, მასწავლებლობა მაინც ყველა პროფესიას მირჩევნია. თავიდანვე ვამბობდი, რომ პედაგოგი არასოდეს არ ბერდება. ბავშვებთან რომ გიწევს ურთიერთობა, ამაზე დიდი ბედნიერება და სიხარული არ არსებობს. არ მიყვარს, როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე შედის და ამბობს, რომ ჩემს შვილსა და შვილიშვილს ვეტყვი, პედაგოგი არ გამოვიდესო. როდესაც ამას ამბობ, შენს პროფესიას პატივს არ სცემ და შესაბამისად, არც მოსწავლეს მოუნდება სკოლაში იმუშაოს. მგონია, რომ ახალგაზრდები ახლა უფრო შემოსავალზე ორიენტირებულები არიან, კი მოიმატა მასწავლებლის ხელფასმა, მაგრამ სხვა პროფესიებთან შედარებით, ისეთი მაღალი ანაზღაურება მაინც არ არის.

სალომე მაყაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვის საჯარო სკოლის დირექტორი:

რეალურად, მოსწავლეებში მასწავლებლის პროფესია ძალიან პოპულარულია. მე მყავდა რამდენიმე მოსწავლე, რომლებსაც ინგლისური ენის პედაგოგობა უნდოდათ. ზოგადად, მასწავლებელზეცაა დამოკიდებული, რამდენად ენდომებათ ახალგაზრდებს რომ ამ პროფესიას გაჰყვნენ. ამაში დირექციასა და პედაგოგებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. სკოლას შეუძლია ამ პროფესიის პოპულარიზაცია გაუწიოს. რაც შემეხება მე, ჩემი ოჯახის წევრები მასწავლებლები იყვნენ - ბებია, დეიდები და ზუსტად ეს იყო იმის განმსაზღვრელი ფაქტორი, რატომაც პედაგოგობა გადავწყვიტე.

ლია მოსიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ადრე იყო ასეთი ტენდენცია, რომ მასწავლებლობა არავის უნდოდა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ღირებული პროფესიაა. ახალგაზრდებმა დაინახეს პედაგოგის მნიშვნელობა და მათაც უნდათ, რომ ახალი თაობების აღზრდაში წვლილი შეიტანონ. 

მე, თავიდან, ექიმობა მინდოდა და ვსწავლობდი კიდეც. ეს ძალიან რთული - მხედრიონის პერიოდი იყო და გაგრძელება ვეღარ მოვახერხე. შემდეგ მასწავლებლობა გადავწყვიტე და სასწავლებელი ამ მიმართულებით დავამთავრე. მასწავლებლის ოჯახში ვარ გაზრდილი, ჩვენთან პედაგოგები იკრიბებოდნენ, საღამოებს აწყობდნენ, ამ მხრივ, ძალიან კარგი გარემო იყო და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, მომხიბლა და იმოქმედა.

ამირან დობორჯგინიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებლის პროფესია, ფაქტობრივად, ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც პედაგოგობა არავის უნდოდა. ახლა, საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა შეიცვალა. სკოლაში საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, საყვარელი და შედეგზე ორიენტირებული პედაგოგები მყავს და ვფიქრობ, სწორედ ეს იწვევს მოსწავლეების მხრიდან ამ პროფესიისადმი დაინტერესებას. ვეკითხები ხოლმე მოსწავლეებს, სამომავლოდ რას აპირებენ, მათი პასუხებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლობა პოპულარული პროფესიაა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს სურათი საუბრებიდან გამომდინარე გამოჩნდა, შემდეგ კი როდესაც გადავხედე, თუ რა პროფესიას ირჩევენ მე-12 კლასელები, უფრო მაინც პროგრამირება, იურიდიული, სამედიცინო, მენეჯმენტი - ამ მიმართულებებისკენ მიდიან. ვფიქრობ, ამას ანაზღაურება განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ ადრინდელთან შედარებით, პედაგოგოგობის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია.

მელანია ჩხიტუნიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი: 

დღესდღეობით, მოსწავლეებს მასწავლებლობა ნაკლებად სურთ. ამას ის განაპირობებს, რომ ეს პროფესია მაინც, დაუფასებელია. ბევრი მოვალეობა დაეკისრა მასწავლებელს და თითქოს, ეს მოვალეობები მშობელს ასცდა - მიდგომა ასე მიდის. ახალგაზრდები ხედავენ, რომ პედაგოგებს უმარავი პასუხისმგებლობა აქვთ და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც მომავალში საკუთარ თავს სკოლაში ვერ ხედავენ. ჩვენ ამის მიმართულებით კვლევასაც ვაკეთებთ და რეკომენდაციებიც გავეცით. ჩემი აზრით, სკოლას მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია ნაკლებად შეუძლია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203