მასწავლებლებს, რომლებმაც მაძიებლობის პროგრამა წარმატებით გაიარეს, უფროსის სტატუსი მიენიჭათ.
პედაგოგებმა, რომლებმაც მაძიებლობის პროგრამა დაასრულეს და უფროსის სტატუსს ელოდნენ, „ესქულში“ პირადი ინფორმაციის გვერდი უნდა გადაამოწმონ, სადაც ახალი სტატუსი იქნება ასახული.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ორი კურსისგან შედგება: აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი. მაძიებლები პროგრამის აკადემიურ კურსს ელექტრონულ სისტემაში დისტანციურად გადიან, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი კი პრაქტიკულ საქმიანობას მოიცავს და ამისთვის მაძიებელი სკოლასთან თანამშრომლობს.
მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან წარმატებით უნდა დაასრულოს პროგრამა. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.
მასწავლებლობის მაძიებელი უფლებამოსილია მაძიებლობის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგები საპრეტენზიო განაცხადის მეშვეობით გაასაჩივროს ცენტრში. ასეთ შემთხვევაში განაცხადებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო კომისია განიხილავს.