სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნონა ფარულავას ხელმძღვანელობით, ფოლკლორის საღამო ჩაატარეს.
საღამოს რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, მოწვეული სტუმრები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში სამეგრელოს ისტორიის შესახებ ცოდნის გაღრმავება, მოსწავლეებისთვის ახსნა თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია მეგრული ენა, რათა დავიწყებას არ მიეცეს ძველი ავტორმთქმელთა სახელები, მეგრული ადათ-წესები და მრავალხმიანი მეგრული სიმღერები.
მოსწავლეებმა სამეგრელოს ყოფა-ცხოვრება და მათი ადათ- წესები წარმოადგინეს, ისაუბრეს სამეგრელოს ისტორიისა და მეგრული ენის შესახებ.
სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები და ძველ ავტორ-მთქმელთა მიერ შექმნილი ნიმუშები. მოიძიეს შელოცვები და ბებია-ბაბუების გამოცანები. ასევე წარმოადგინეს ცეკვები, რომელიც სამეგრელოს ყოველდღიურ ცოვრებას ასახავდა.
მოსწავლეებმა ქართველი საზოგადო მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და აკაკი შანიძის სამეგრელოსა და მეგრული ენის შესახებ დაწერილი გამონათქვამები წაიკითხეს.
„მოსწავლეთა საშემსრულებლო ნიჭიერება ზეიმობდა სცენაზე. დახვეწილი მეტყველება, პატარა მსახიობების გრძნობებით გამოხატული და გადმოცემული ვერბალური თუ არავერბალური სცენები, ყველაზე რთული შესასრულებელი მრავალხმიანი მეგრული სიმღერები და ა.შ. დარბაზში კი სამეგრელოსთვის დამახასიათებელი მეგრული კარ-მიდამო საოცრად ლამაზად იყო წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს მშობელთა ჩართულობა ამ ღონისძიებაში. ეს იყო შესანიშნავი ნიმუში მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობისა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები