ვის ევალება მიწისძვრის, ხანძრისა და წყალდიდობის დროს მოსწავლეების და პერსონალის დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა?
13-02-2023
ბუნებრივი კატასტროფების ნაწილის პროგნოზირება დღესდღეობით შესაძლებელია, თუმცა არის ისეთი კატაკლიზმები, რომელთა წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მაგალითად ასეთია მიწისძვრა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ თურქეთსა და სირიაში ათი ათსაობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაშია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. გარდა ამისა, საინტერესოა, ვის ევალება კატასტროფის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა..) დროს მოსწავლეების და პერსონალის დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა.
ეს საკითხი განსაზღვრულია საქართველოს კანონით - ზოგადი განათლების შესახებ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებში ვკითხულობთ:
„კატასტროფის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) დროს მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვისა და ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე კატასტროფისათვის მზადყოფნის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვაში, მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა“,- წერია კანონში ზოგადი განათლების შესახებ.