მოსწავლეების ცოდნას მასწავლებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ. პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის დონის დადგენისას იყენებენ განმსაზღვრელ შეფასებას და გარდა ამისა, ბავშვებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა არის საჭირო ე.წ. სისუსტეების აღმოსაფხვრელად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა გამოასწორონ და რაზე იმუშაონ უფრო მეტი.
გაკვეთილის გამოკითხვის დროს, შემაჯამებელი წერის თუ საკლასო მუშაობისას რომ მასწავლებლები ქულებს წერენ, ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა შეიძლება თუ არა საშინაო დავალების ქულით შეფასება?
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მოსწავლეთა საშინაო დავალების ქულებით შეფასება დაშვებულია, თუმცა არა ყველა საფეხურზე.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში პედაგოგმა მიმდინარე საშინაო დავალებაში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება უნდა გამოიყენოს. ასევეა V კლასის მეორე სემესტრსა და VI კლასშიც. მიუხედავად იმისა, რომ V კლასის მეორე სემესტრიდან მოსწავლეთა ქულებით შეფასება იწყება, საშინაო დავალების კომპონენტში მხოლოდ განმავითარებელი შეფასების გამოყენებაა დაშვებული. რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურს, VII კლასიდან სამივე კომპონენტში: მიმდინარე საშინაო დავალებაში, მიმდინარე საკლასო დავალებასა და შემაჯამებელ დავალებაში შეიძლება როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება.