ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ აფხაზეთზე მუსიკალური კომპოზიცია შექმნა
23-04-2018
ვანის N2 საჯარო სკოლა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის პროექტში „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ აქტიურადა ჩართული. 

სკოლიდან პროექტს მასწავლებელი ქეთევან ძაგნიძე ხელმძღვანელობს. 

პროექტის ფარგლებში მე-9 კლასის მოსწავლემ ირაკლი გოგიბერიძემ მუსიკალური კომპოზიცია და ჩანახატი შექმნა. 

მოსწავლის ჩანახატს უცვლელად გთავაზობთ: 

„მე ვარ ის, ვისაც არ უნახავს აფხაზეთი, ვისაც უამბობდნენ ლეგენდებს მასზე, ვისაც სიზმრად გადაექცა მოლივლივე ზღვა და ვარდისფერი ნიჟარების ხელშევლება... 
მე ვარ ის, ვინც ოცნებაში იკაწრავდა სულს ზღვისპირა წვეტიანი კენჭებით... ვინც ისე გაზარდეს, რომ მუდმივად მონატრებოდა აფხაზეთი - ეფიქრა მასზე, როგორც მარადიული სიჭაბუკის ქვეყანაზე, რომელმაც უარი მითხრა, თვალდახუჭულს მეგრძნო თოლიების ნიავისებრი გამოქროლება და სიმსუბუქე... 
არა ხარ უცხო! 
შენზე მიამბობდა ყველა და თვალებში უძირო სევდა მიდგას... 
ვიცი, რომ მკლავებში ვერ მოგიქცევ და გულზე გადამივლი. უსაზღვროდ მენატრები და ამ მონატრებას სიტყვით ვერასოდეს გამოვხატავ. მუსიკაა ერთადერთი, რომლითაც გეხები და გეოცნებები... 
ამ მუსიკაში ვკვდები და ვცოცხლდები, ვიტანჯები და ვკვნესი... ჩემი თითები გეხებიან და გეფერებიან... აქ, ამ ბგერებსა და გამებში, არის ჩემი სიმინდის კუნძული, ჩემი აფხაზური კანტატა, ჩემი ომის შუქ-ჩრდილები და ჩემი ლექსები... 
ეს არის ტკივილი, მუსიკით გამოხატული, ჩემი ჩანახატი. 
იფიქრე ჩემზე, მოუსმინე ჩემს მუსიკას და მიხვდები, თუ როგორ და რა აირეკლა ფსოუზე ვარსკვლავებად...
ამ მუსიკით გიგზავნი ჩემს წილ სიყვარულს. 
არა ხარ უცხო და არც მე ვარ გადამთიელი. შენს სულში ჩაიხედე, იქ აღმოაჩენ დიდ, უღალატო 
გრძნობას, რომელიც ასე გაძვირდა ამ წუთისოფელში...“ 
  
იხილეთ ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203