განათლების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ განიხილა, სადაც საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის გეგმის ინდიკატორებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ყურადღებაა გაამახვილა იმ ორ კომპონენტზე, რომელიც დოკუმენტის თანახმად, უშუალოდ განათლებას - სკოლებსა და ბაღებს ეხება..
საუბარია სკოლებისა და ბაღების ავტორიზაციაზე, რისთვისაც გამოიყოფა 20 მილიონი ევრო და მომხსენებლის თქმით, ყურადღება დაეთმობა მეთოდოლოგიას.
„2026 წლამდე 200 ბაღი მაინც უნდა იყოს ავტორიზებული; ამისთვის გამოიყოფა 10 მილიონი ევრო და ამდენივე თანხა განკუთვნილია სკოლების ავტორიზაციისთვის“.
„გაცნობიერებული გვაქვს, რომ დაგვჭირდება დამატებითი რესურსები; 2026-2027 წლისთვის თითქმის ყველა სახელმწიფო სკოლა და ბაღი იქნება სრულად ან რეაბილიტირებული ან აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა, ხოლო კაკაურიძემ სწავლების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება:
„ბუნებრივია, ასეთ დროს სწავლების ხარისხიც უნდა იყოს მაღალი და ამ მიმართულებით მეტი გვექნება სამუშაო“.