„უფრო თავისუფალ გაკვეთილებს ჩავატარებ - არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი საგნები“ - აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი შვეიცარულ გამოცდილებაზე
16-02-2023
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამთა ნათიძე ორკვირიანი სასწავლო ვიზიტით, შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში იმყოფებოდა. გაცვლითი პროექტი - ART EDUCATION INTER - CULTURALLY ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლუცერნის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტის ინიციატივით, ARTASFOUNDATION-ის თანამშრომლობით დაიგეგმა.

პედაგოგი აღნიშნულ უნივერსიტეტში მასწავლებელთა გადამზადების 60- კრედიტიან პროგრამას გადიოდა.
მან პროექტში მონაწილეობისთვის შესარჩევი ეტაპები წარმატებით გაიარა, გასაუბრებას თავი წარმატებით გაართვა და პროექტში მონდომებით ჩაერთო.

გაცვლით პროგრამასა და შვეიცარიაში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით, Etaloni.ge ხელოვნების პედაგოგ თამთა ნათიძეს დაუკავშირდა. მან თავისი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაგვიზიარა.

როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, პროექტის 1-ელი ეტაპი საქართველოში ჩატარდა, სადაც ხელოვნების მასწავლებლები მონაწილეობდნენ. პედაგოგები წარმოდგენილნი იყვნენ როგორც საქართველოდან, ასევე შვეიცარიიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტში არა მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები, არამედ სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.


მისივე თქმით, პროექტის ძირითადი იდეა უცხოელ და ქართველ მასწავლებელთა გამოცდილების გაცვლა და განსხვავებული განათლების სიტემის გაცნობა იყო.  როგორც ის აღნიშნავს, შვეიცარიელი პედაგოგები 2 კვირით ჯერ საქართვლეოში ჩამოვიდნენ და შემდგომ წავიდა ქართული მხარე მათთან.


„ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ შვეიცარიის განათლების სისტემა აბსოლუტურად განსხვავდება ქართული სისტემისგან. ამ ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვთ გამოყენებითი ხელოვნების, როგორც საგნის მიმართ. შევამჩნიე, ის, რომ ხელოვნება ჩვენს სკოლებში მეორად საგნად მოიხსენიება, რაც სამწუხარო რეალობაა. იქ კი საგნის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულებაა და უფრო მაღალ დონეზე დგას. ეს ჩანდა საგაკვეთილო პროცესზე, რომელსაც ლუცენრის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დავესწარით. აღსანიშნავია ასევე, რომ მათი გაკვეთილის შემდგომ მოსწავლეებთან ჩვენც ჩავატარეთ ინგლისურ ენაზე გაკვეთილი “, - აღნიშნა პედაგოგმა.

გაკვეთილის მიმდინარეობისას პედაგოგმა უცხოელ მოსწავლეებს ქვეყნის ისტორია გააცნო და ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით, აღნიშნულ თემატიკაზე საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.

„ჩვენ შევეცადეთ, გაგვეცნო საქართველო მათთვის, როცა ვახსენეთ „ჯორჯია“ - უფროსებზე მეტად, ბავშვებმა იცოდნენ, საუბარი საქართველოსა და არა - აშშ-ს ერთ-ერთ შტატს შეეხებოდა. სწორედ ამიტომ, შევეცადეთ, გაკვეთილზე წარგვედგინა საქართველო და ავიღეთ თემა - „შვეიცარიული და ქართული ფოლკლორი. ასევე აღსანიშნავია, რომ კომუნიკაცია უცხო ენაზე მიმდინარეობდა და ადაპტაცია საკმაოდ რთული იყო - ინგლისურ ენაზე გაკვეთილების დაგეგმვა, განსხვავებულად მოაზროვნე ბავშვებთან, მაგრამ იმდენად საინტერესო გამოცდილებაა, რომ ეს შანსი აუცილებლად ყველამ უნდა გამოიყენოს. “, - აღნიშნა ხელოვნების პედაგოგმა.

მასწავლებელმა ასევე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ ახალ უნარებზე, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

„ჩვენთვის, ქართველი ხელოვნების მასწავლებლებთათვის ახალი თემა იყო „პერფორმანსი“. ეს აბსოლუტურად ახალი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ ქართულ რეალობაში საგაკვეთილო პროცესში არ ვიყენებთ. ხელოვნების სწავლების პროცესში იქაც სიახლეა, მაგრამ შვეიცარიის სკოლებში მასწავლებლები ამაში უფრო გათვითცნობიერებულნი არიან. მოკლედ, ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის შვეიცარიელ კოლეგებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა. თითოეული დეტალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვფიქრობ, რომ მეც გამომადგება საგაკვეთილო პროცესში - ამის შემდგომ უფრო თავისუფალ და ლაღ გაკვეთილებს ჩავატარებ. უფრო თამამ იდეებს განვახორციელებ, თუნდაც პერფორმანს“, - აღნიშნა პედაგოგმა, თამთა ნათაძემ.

როგორც პედაგოგმა აღნიშნა, სწავლა მისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო უცხოელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა შვეიცარია.

​„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - დასძენს მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების პედაგოგი - თამთა ნათიძე ცდილობს პროფესიაში მუდმივად განვითარდეს. მას ჩაბარებული აქვს წამყვანი მასწავლებლის გამოცდა, ახლა კი სტატუსის ამაღლებას ელის.

„მასწავლებლობა ისეთი პროფესია, რომელიც არ გაძლევს ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას. ის თვითგანვითარებას საჭიროებს. ასეთი გაცვლითი პროგრამები და ტრენინგებიკი ამის საშუალებას გვაძლევს, როცა მასწავლებელი ხარ ასეთ პროექტებში უნდა ჩაერთო“, - აღნიშნავს მასწავლებელი

აღსანიშნავია, რომ თამთა აქტიურად ცდილობს ქართულ სკოლებში ხელოვნების გაკვეთილის მიმართ მოსწავლეთა დამოკიდებულება შეცვალოს. ის მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებს და ამით მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს; „ბავშვებს ვუხსნი, რომ არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი საგნები - ქართულის და სპორტის გაკვეთილი ორივე მნიშვნელოვანია. როგორც ხელოვნება და მათემატიკა“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203