რა იციან იაპონელმა მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ და როგორია მათი ყოველდღიურობა - ფოტოამბები იაპონიიდან
23-04-2018
საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს წარმომადგენელი თიკი ტყეშელაშვილი Izrune.ge-ს პროექტის ფარგლებში, საქმიანი ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. ის არაერთ მოსწავლეს შეხვდა და იაპონელი ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნო

თიკიმ სპეციალურად Etaloni.ge-სთვის ფოტოამბები შეაგროვა. გთავაზობთ პირველ ნაწილს.

კიოკო და მისი ძმა. 
კიოკოს ძმა სკოლაში წელს შევიდა. მან, ისევე როგორც,  სხვა მოსწავლეებმა სწავლა პირველ აპრილს დაიწყო (იაპონიაში სასწავლო წელი სწორედ ამ დროს იწყება). ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ საქართველოში სწავლა სექტემბერში იწყება. როგორც კიოკოს პირველკლასელმა ძმამ მითხრა, სკოლა და სწავლის პროცესი ძალიან მოსწონს, ყველა საგანს კარგად ართმევს თავს. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად უჭირს - მძიმე ჩანთის ტარებაა (ეს პრობლემა არც ქართველი მოსწავლეებისთვისაა უცხო).



მაიაკო
ფორმის ტარებას ჯერ კიდევ ბაღში მიეჩვია. „ძალიან მომწონს, სკოლაში ფორმებით რომ დავდივართ. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია,“ - მეუბნება მაიაკო. ის ინტერესდება, თუ საიდან ვართ და ჩვენთან როგორ დადიან მოსწავლეები. როდესაც ვუთხარი, რომ საქართველოდან (Georgia) ვარ, დიახ, გამიგია, ამერიკის შტატიაო. გაოცდა, რომ გაიგო, კიდევ ერთი Georgia-ს არსებობა. დამპირდა, რომ სახლში მისვლისთანავე დედას ჰკითხავდა, თუ იცის, სად არის საქართველო. კიდევ ის გაუკვირდა, რომ ჩვენთან სკოლებში ფორმებით სიარული სავალდებულო არ არის.



„ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ გააზრებული მაქვს, რომ განათლება აუცილებელია ჩემი მომავლისთვის,“ - მეუბნება კიდევ ერთი იაპონელი მოსწავლე. როგორც ის აღნიშნავს, ყველზე მეტად ქიმიის მეცადინეობა ეზარება. ძირითადად, ჰუმანიტარული საგნები უყვარს და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. ახლაც ტელეფონში სწორედ ერთ-ერთ მხატვრულ ნაწარმოებს კითხულობს.



ამ გოგონამ ინგლისური არ იცის, თუმცა ყველანაირად ეცადა, დამხმარებოდა გზის გაკვლევაში - ჟესტებით გამაგებინა, რომ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ასევე ჟესტებით შევიტყვე, რომ იაპონიაში სწავლა 08:30-ზე იწყება და დღეში 5-6 გაკვეთილი აქვს.



რიკეს მამა სუმოს დიდი მოყვარულია. თვეში ერთხელ ის მამასთან ერთად სპორტის ამ ნაციონალურ და იაპონიაში ყველაზე მეტად პოპულარულ სანახაობას ესწრება. რიკესთვის საქართველო ტოჩინოშინთან (ლევან გორგაძე) ასოცირდება. თუმცა, ზუსტად არ იცის, სად არის საქართველო. მხოლოდ ის იცის, რომ იგი ტოჩინოშინის სამშობოლოა.



სწავლის დაწყებამდე მთელი სკოლის ბავშვებს 15-წუთიანი შეკრება აქვთ სკოლის ეზოში. დირექტორი მოსწავლეებს განცხადებით მიმართავს, გეგმავს მომავალ კვირას. სწორედ ასეთ შეკრებაზე გავიცანი ეს გოგონა, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. განსაკუთრებით დაინტერესდა, წვიმს თუ არა საქართველოში ისეთივე სიხშირით, როგორც ტოკიოში თუ ნაკლებად.



Etaloni.ge ფოტოამბებს იაპონიიდან კვლავ შემოგთავაზებთ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203