„სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება“ - რას ავალდებულებს მასწავლებელს ესგ?
04-03-2023

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებს სიღრმისეულ სწავლებას ავალდებულებს. სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელს ყველაზე დიდი როლი აკისრია და სწორედ მან უნდა უზრუნველყოს, რომ მოსწავლის მიერ მიღებული ცოდნა მეხსიერებაში ხანგრძლივად ჩაიბეჭდოს.

როგორ წარვმართოს სასწავლო პროცესი, რომ ცოდნა მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში დარჩეს? რა ევალება მასწავლებელს?

  • ახალი საგაკვეთილო თემის ახსნამდე ყოველთვის გაახსენეთ ბავშვებს, რა იციან ასახსნელი საკითხის შესახებ. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს.
  • ეცადეთ, ახალი ახსნილი მასალა დაუკავშიროთ პრაქტიკულ ცოდნას ან სხვა საგანში ნასწავლ მასალას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს.
  • სიღრმისეული სწავლებისთვის აუცილებელია, სწავლა-სწავლება მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

შეგახსენებთ, რომ დეკლარატიული ცოდნა გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი? პროცედურული ცოდნა იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას და პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო? პირობისეული ცოდნა კი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?

რაც შეეხება ოფიციალურ მოთხოვნას, ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლებში სიღრმისეული სწავლების შესახებ განმარტებულია, რომ:

„სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება: სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდება, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვა, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენა და საერთო ასპექტების დამუშავება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203