საჯარო სკოლებში შესვენების ხანგრძლივობა მინიმუმ 5 წუთია, ე.წ. დიდი დასვენება კი გაკვეთილებს შორის მხოლოდ ერთხელაა და მისი ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, 10 წუთია. ამის გამო მოსწავლეები და მათი მშობლები, ხშირად, უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
უკმაყოფილების მიზეზი ისაა, რომ მოსწავლეთა ნაწილი შესვენებაზე კვებას ვერ ასწრებს. როგორც თავად მშობლებმა etaloni.ge-ს განუცხადეს, სკოლებში, სადაც ასეულობით ბავშვი სწავლობს, შეუძლებელია ყველამ 5-10 წუთში მოასწროს სასადილოში სასურველი პროდუქტის შეძენა და კვება.
etaloni.ge დაინტერესდა, მაქსიმუმ რამდენწუთიანი შეიძლება იყოს სკოლებში დიდი დასვენება და არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს?
აღმოჩნდა, რომ დასვენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის აღნიშნული და განმარტებულია, რომ:
„საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები. შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი“.
როგორც ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, სკოლები თავად განსაზღვრავენ დიდი დასვენების ხანგრძლივობა 10 წუთი იქნება, 20 თუ მეტი.