ცვლილება 63 000-მდე მასწავლებელს და ყველა სკოლას შეეხება - დეტალები 
21-02-2023
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა საკანონმდებლო დაიჯესტი გამოაქვეყნა, სადაც განამრტებულია იმ ცვლილებების მიზანი, რომელიც საქართველოს ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონებში შევიდა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია განათლების ხარისხისა და მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. 

ავტორიზაცია წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სწავლა-სწავლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია საქართველოში მოქმედ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2026-2027 სასწავლო წლამდე საქართველოში არსებული ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. ავტორიზაციის პროცესი შეეხება საქართველოში არსებულ 2 086 საჯარო და 222 კერძო სკოლას, 624 500 მოსწავლესა და 62 981 მასწავლებელს.

კანონში შესული ცვლილებების შედეგად:

• ჩამოყალიბდება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტრუმენტი;
• სახელმწიფოს მხარდაჭერით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება დააკმაყოფილებს ხარისხიანი განათლებისათვის საჭირო, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სტანდარტებს;
• გაიზრდება ავტორიზაციის პროცესის გამჭირვალობა და სანდოობა;
• გაუმჯობესდება სკოლების ინსტიტუციურ განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა;
• სკოლა შეფასდება მოსწავლეთა განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობებით, შესაბამისად გაიზრდება მოსწავლეთა მხარდამჭერი პროგრამები/პროექტები;
• გაუმჯობესდება სკოლის, როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური გარემო და სწავლების მეთოდოლოგია.

ავტორიზაციის მინიჭების პროცესში შეფასდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული საკითხები, არამედ სკოლების შინაარსობრივი განვითარება, მათ მიერ სკოლის მისიისა და მიზნის გააზრება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მასწავლებლების, სკოლის
ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მოსწავლეთა უფლებების დაცვის საკითხებზე. ასევე, საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი.

საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სკოლებმა:

• საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შეუსაბამონ მოსწავლეთა ინტერესებსა და სასკოლო თემის საჭიროებებს;
• განავითარონ სკოლის ინფრასტრუქტურა;
• შეიმუშაონ მოსწავლეთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტები;
• ჩამოაყალიბონ სკოლის მისია, მიზანი და ხედვა.

სკოლებს ენიჭებათ არჩევანის მეტი თავისუფლება. მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების გამოყენების ნაცვლად, სკოლებს გაუჩნდებათ მრავალფეროვანი სახელმძღვანელოების გამოყენების შესაძლებლობა და არჩევანის
თავისუფლება, ამისთვის მხოლოდ სამინისტროს ინფორმირება იქნება საჭირო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203