პედაგოგი, რომელიც 3 სკოლაში ასწავლიდა, მეწყერმა იმსხვერპლა - უბედური შემთხვევა ცაგერში მოხდა
21-02-2023
ცაგერის მუნციპალიტეტში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ერთი პედაგოგი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი სილაგაძე etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, დაღუპული მასწავლებელი, გელა ლიპარტელიანია, რომელიც  ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში, მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიდა. 

„შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ძალიან დიდი და სტიქიური ნალექი იყო, და ასეთ დროს ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ხოლმე სიტუაციას. ამიტომ თადარიგი დავიჭირეთ და სასწავლო პროცესი შევწყვიტეთ 3 სკოლაში. შესაბამისად, არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები სკოლაში არ იყვნენ.

არც ეს პედაგოგი იმყოფებოდა სკოლაში, პირად საქმეზე იყო ქუთაისში წასული და სახლისკენ მიმავალ გზაზე მოხდა ეს ყველაფერი. გელა ლიპარტელიანი ინგლისური ენის პედაგოგი იყო, ძალიან კარგი, ერუდირებული და გაწონასწორებული პიროვნება. ყველანი განადგურებულები ვართ... ამ დრომდე მიდიოდა გაწმენდითი სამუშაოები", - განაცხადა ირაკლი სილაგაძემ.

მისივე თქმით,სკოლებში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ, 22 თებერვლიდან განახლდება.

„ასეთ სიტუაციებში ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ ყველას, განსაკუთრებით ბავშვებზე გვაქვს აქცენტი, რომ ჯობს სახლში დარჩნენ, ვიდრე საფრთხე შეიქმნას. სამინისტროსგან და მთავრობისგან გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ საჭირეობის შემთხვევაში, ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში სწავლა შევწყვიტოთ და შემდეგ, შაბათ დღეს ავანაზღაუროთ.

ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ვვარაუდობთ, რომ სასწავლო პროცესი ამ 3 სკოლაში ხვალიდან განახლდება, სხვა სკოლებში კი სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203