სწავლების პროცესში ეფექტური უკუკავშირი პირდაპირ აისახება მოსწავლის განვითარებაზე.
ეფექტურია უკუკავშირი, თუ მასწავლებელი მოსწავლეს კონკრეტულ მითითებებსა და რჩევებს აძლევს და დეტალურად აღწერს, რა აქვს გასაუმჯობესებელი მას.
უკუკავშირი შეიძლება იყოს ფორმალური ან არაფორმალური. ფორმალურია უკუკავშირი, როდესაც მოსწავლის შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის საშუალებით ხდება, ხოლო არაფორმალურია უკუკავშირი, როდესაც პედაგოგი აკვირდება მოსწავლის მუშაობას და მყისიერად გასცემს კომენტარებს.
თუ გსურთ, თქვენმა უკუკავშირმა მოსწავლეზე დადებითი გავლენა მოახდინოს და ეს მის აკადემიურ მიღწევებზეც აისახოს, გაითვალისწინეთ შემდეგი:
რატომ არის კონკრეტული მითითებები მნიშვნელოვანი?
ერთი მოსწავლის მიმართ გაცემული უკუკავშირი დადებითად აისახება მთელ კლასზე. მაგალითად: თუ მოსწავლეს ეტყვით, რომ დავალება კარგად შეასრულა, სავარაუდოდ, ვერ თავად და ვერც კლასი მიხვდება, კონკრეტულად რა მოგეწონათ. მაგრამ თუ მის ნამუშევარს აღწერთ, მაგ,: „არ გაქვს დაშვებული პუნქტუაციური შეცდომები“, „ტექსტში ჩანს, რომ აზრებს ლოგიკურად აბამ ერთმანეთს და კარგად მსჯელობ“, „დაცულია წერის სტილი“, „არ გაქვს სინტაქსური შეცდომები“, „შენ მიერ მოყვანილი არგუმენტები დამაჯერებელი და საინტერესოა“ და ა.შ. ასეთი შეფასება მთელ კლასზე მოახდენს გავლენას, ბავშვები საკუთარ ნამუშევარსაც გააანალიზებენ და მიხვდებიან, როგორი ნამუშევარი ფასდება დადებითად.