სკოლაში საგნობრივი კათედრები სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია. კათედრის წევრების თანამშრომლობა დადებითად აისახება როგორც თავად მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ასევე - მოსწავლეთა შედეგებზე.
მნიშვნელოვანია, სკოლაში კათედრები ფუნქციონირებდეს ისე, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. სკოლის ხელმძღვანელმა კი კათედრების მუშაობას ხელი უნდა შეუწყოს.
თუ პედაგოგი დაინტერესებულია, რომ მისი მოსწავლეები მაღალი აკადემიური შედეგებით გამოირჩეოდნენ და ამავდროულად, გააუმჯობესოს კლასის მართვის სტრატეგიები, ის კათედრის წევრებთან მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს.
სკოლაში რომ თანამშრომლობითი კულტურა მნიშვნელოვანია, ყველა პედაგოგისთვის ცხადია, თუმცა ეს ორმაგად ევალებათ კათედრის წევრებს. მათ შორის ურთიერთობა მხოლოდ სხდომაზე შეხვედრით არ შემოიფარგლება. კათედრის წევრების თანამშრომლობითი კულტურა ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა ჩანდეს. კათედრაზე გაერთიანებულმა პედაგოგებმა უნდა გააანალიზონ თითოეული მოსწავლის შედეგები და ეცადონ, ერთობლივად იპოვონ მდგომარეობის გაუმჯობესების გზები. კათედრის წევრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზია.