რას გეგმავს სამინისტრო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლესებში - შეხვედრის დეტალები
28-02-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მიხეილ ჩხენკელი: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული დღევანდელი კონფერენცია განათლების სისტემის გაძლიერებისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამგვარი ღონისძიებები ცალსახად უწყობს ხელს განათლების სისტემაში ჩართულ მხარეთა შორის მუდმივ დიალოგს, იდეებისა და გამოცდილების გაზიარებასა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ეროვნულ ინტერესებზე მორგებული მოდელებისა და საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და დანერგვას.

კონფერენციის პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: უნივერსიტეტების მესამე მისია, სამეცნიერო კვლევების განვითარება, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ განათლებაში არსებული სიახლეები და დაგეგმილი აქტივობები.

მისასალმებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივა, რომ 2023 წლიდან განათლების ყველა საფეხურზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს განათლების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებას. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლიდან დაიწყო კლასტერული აკრედიტაცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კალენდარული წლის განმავლობაში შეფასდეს წინასწარ განსაზღვრულ სწავლის სფეროებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. 2022 წლიდან საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიწყო ყველა რეგულირებადი და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება. ამასთან, 2023 წლიდან ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეფასდება საერთაშორისო ექსპერტების თავმჯდომარეობით. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესში კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინტერნაციონალიზაციასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების ხარისხის ამაღლებას.“

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების კუთხით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო პროგრამების ხარისხის განვითარება და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, რის წინაპირობასაც ქმნის ინტერნაციონალიზაცია, ანუ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გაზიარება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით დღეს არაერთი ქმედითი ნაბიჯი იდგმება და განათლების სფეროში სხვადასხვა მასშტაბური და საინტერესო პროექტი ხორციელდება, აღნიშნულ პროცესში კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყველა ის ინიციატივა, რომელიც განათლების ხარისხის განვითარებისაკენ არის მიმართული.

ღონისძიების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

კონფერენციაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, განიხილეს სკოლამდელი და ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული მიღწევები და გამოწვევები განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203